სტატისტიკა გალერეა
,,აკადემია’’ 16-წლამდელთა ჩემპიონია. ფინალური სერიის მე-3 მატჩში აკადემიელებმა ,,დინამო’’ 87:71 დაამარცხეს, სერია მშრალი ანგარიშით 3:0 მოიგეს და ოქროს მედლებიც მოიპოვეს.
16-წლამდელთა ჩემპიონისთვის დაწესებულ გარდამავალ თასთან ერთად “აკადემიამ” ცნობილი ვეტერანი კალათბურთელების ვლადიმერ უგრეხელიძისა და ვალერი ალთაბაევის სახელობის თასიც ჩაიბარა. შეგახსენებთ, რომ ,,აკადემიის’’ გუნდი რამდენიმე დღის წინ 18-წლამდელთა ჩემპიონიც გახდა და ანზორ ლეჟავასა და ილარიონ ხაზარაძის სახელობის თასიც მოიგო.
რაც შეეხება შეხვედრას, ,,აკადემიელებმა’’ 16-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს, თუმცა თამაში სერიის წინა მატჩებთან შედარებით უფრო დაძაბული და საინტერესო იყო. ეს ძირითადად შეხვედრის პირველ ნახევარზე ითქმის, რომელიც ,,დინამომ’’ 40:38 მოიგო. გადამწყვეტი მატჩის მესამე პერიოდი აღმოჩნდა, ,,აკადემიელებმა’’ დავით აფხაზავას, საბა აკობიას, ლუკა ბულაშვილის და ნიკა დარბაიძის კარგი თამაშის წყალობით ათწუთეული 28:15 მოიგეს და ფაქტობრივად, მატჩის ბედიც გადაწყვიტეს.
გამარჯვებულებს 19 ქულით დავით აფხაზავამ ულიდერა, 17 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა აკობიას ანგარიშზე, დარბაიძემ შეხვედრა 16 ქულით დაასრულა, ბულაშვილმა 15 ქულა-7 მოხსნა მიითვალა, გიორგი ცხოვრებოვმა კი ორმაგი დუბლი გაიფორმა – 14 ქულა, 10 მოხსნა.
,,დინამოელთა’’ რიგებში საუკეთესო ლუკა მაჭავარიანი იყო 19 ქულით, ორმაგი დუბლი შეასრულა გიორგი თვალაბეიშვილმა – 15 ქულა, 22 მოხსნა, 11ქულა ჰქონდა გიორგი გვიანიძეს, დათო დარბაიძის ანგარიშზე კი 7 ქულასთან ერთად 12 მოხსნა დაგროვდა.
მატჩის დასრულების შემდეგ გაიამართა დაჯილდოების ცერემონიალი. ასაკობრივი ლიგების პარტნიორმა „ბრიტანულმა ცენტრმა“ თავისი რჩეული, ლუკა ბულაშვილი, ინგლისური ენის 3-თვიანი უფასო ვაუჩერით დააჯილდოვა. მეორეადგილოსანი ,,დინამო’’ ვერცხლის მედლებით და სიგელებით ვეტერანმა კალათბურთელებმა – ვალერი ლომაძემ და ანტონ კაზანჯიანმა დააჯილდოვეს. მათვე გადასცეს ცნობილი ვეტერანი კალათბურთელების, ვალერი ალთაბაევის და ვლადიმერ უგრეხელიძეს სახელობის თასი ,,აკადემიის’’ გუნდს.
ჩემპიონები ოქროს მედლებით სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ დააჯილდოვა, საჩემპიონო თასი კი აკადემიელთა კაპიტანმა, გიორგი ცხოვრებოვმა ჩაიაბარა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
გია კაზანჯიანი(,,აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ მთელ საკალათბურთო ,,აკადემიას’’ ამ წარმატებას, 4 დღის განმავლობაში 2 ჩემპიონატი მოვიგეთ და ძალიან გახარებულები ვართ. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, ნამდვილად სერიის ყველაზე დაძაბული თამაში იყო და მიხარია, რომ ჩემმა ბიჭებმა სიმტკიცე გამოიჩინეს და ამ შეხვედრაშიც გაიმარჯვეს.
ამბროსი ორმოცაძე(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): კარგი თამაში გამოვიდა, თუმცა მეორე ტაიმში ჩავარდნა გვქონდა და სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ თამაშის შემობრუნება. მივულოცავ ,,აკადემიის’’ გუნდს დამსახურებულ გამარჯვებას და ჩემპიონობას.
ლუკა ბულაშვილი(,,აკადემია’’): ძალიან კარგად ჩაიარა სეზონმა, მართალია დაღლილები ვიყავით, თუმცა ბოლომდე მივიყვანეთ საქმე და ჩემპიონები გავხდით. სეზონი დამთავრდა, თუმცა ჩვენთვის ახლა სანაკრებო პერიოდი იწყება და მოვემზადებით ნაკრების ვარჯიშებისთვის.
ვალერი ლომაძემ და ანტონ კაზანჯიანმა ,,აკადემიის’’ გუნდს ცნობილი ვეტერანი კალათბურთელების, ვალერი ალთაბაევის და ვლადიმერ უგრეხელიძეს სახელობის თასი გადასცეს
ვალერი ალთაბაევი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ოქროს, სამი ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელი.
საბჭოთა კავშირის თასის და ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი.
საბჭოთა კავშირის სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი.
ვლადიმერ უგრეხელიძე
სპორტის დამსახურებული ოსტატი, საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი.
ოლიმპიური თამაშების მეორე, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი.
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოანი, სსრკ თასის და ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი.