სტატისტიკა გალერეა
დღეს საკალათბურო აკადემიის დარბაზში 16-წლამდელთა ფინალური სერიის მეორე მატჩი გაიმართა, სადაც აკადემიელებმა “დინამო” იოლად 115:58 დაამარცხეს და სერიაში 2:0 დაწინაურდნენ. აკადემიის გუნდმა თავიდანვე ჩინებულად დაიწყო თამაში და მატჩის ბედი პირველ ტაიმშივე გადაწყვიტა. სერიის მესამე შეხვედრა ხვალ, აკადემიის დარბაზში, 16:30 საათზე გაიმართება და თუ კვლავაც აკადემიის გუნდი გაიმარჯვებს, ჩემპიონიც გახდება.
დღევანდელ მატჩში “დინამოს” მხრიდან 19 ქულით ლუკა მაჭავარიანი გამოირჩა, ხოლო ნიკა ჭანტურიამ 13 ქულა დააგროვა. რაც შეხება მოგებულ გუნდს, 24 ქულა ლუკა ბულაშვილის ანგარიშზეა, 22 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი ნიკა დარბაიძემ გაიფორმა, 16 ქულა და 11 პასი დავით აფხაზავას ანგარიშზეა, 13 ქულა ნიკა ლეონიძის, ხოლო საბა ხურცილავამ 10 ქულა მიითვალა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
გია კაზანჯიანი (აკადემიის მთავარი მწვრთნელი): არ ველოდით ასე დიდი ანგარიშით გამარჯვებას, შეხვედრის ბედი ფაქტიურად პირველ ოც წუთში გადავწყვიტეთ. გვეშინოდა, რომ წინა გამარჯვების შემდეგ გუნდზე ემოციურ ფონს არ ემოქმედა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა – ბიჭებმა შესანიშნავად იასპარეზეს. ვეცდებით ხვალ ჩემპიონები გავხდეთ.
ამბროსი ორმოცაძე (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ აკადემიას წარმატებულ თამაშს. რა გითხრათ, სამწუხაროდ ვერაფერი გავაწყეთ. თამაშს გავაანალიზებთ და მაქსიმალურად ვიბრძოლებთ.