აკადემიებს შორის ფინალში ზფა-მ იმარჯვა და 16-წლამდელთა ჩემპიონი გახდა

აკადემიებს შორის ფინალში ზფა-მ იმარჯვა და 16-წლამდელთა ჩემპიონი გახდა

საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის უმაღლესი, A ლიგის გათამაშება ბრძოლაში, საინტერესოდ დასრულდა. ერთმანეთის პირისპირ ქვეყნის 2 საუკეთესო გუნდი – ზაზა ფაჩულიას აკადემია და საკალათბურთო აკადემია წარდგნენ. რაკი ამ გუნდებს დასახელებაში ორივეს აკადემია ფიგურირებს, განვმარტავთ, რომ ცნობილი ვეტერანი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას აკადემია 2015 წლიდან ფუნქციონირებს, ხოლო “აკადემია” 21-ე საუკუნის დასაწყისში შეიქმნა და მას შემდეგ ასაკობრივი ჩემპიონატების ერთ-ერთი დომინანტია, ხოლო სუპერლიგაში ორჯერ ჰყავდა გუნდი – 2000-იანების დასაწყისში და 2015-2016 წლების სეზონში.

მცირე ისტორიული ექსკურსის შემდეგ გამცნობთ, რომ ამ საკალათბურთო სკოლებს შორის ფინალური სერია მოიგო და ჩემპიონი გახდა ზაზა ფაჩულიას აკადემია. ზფა-მ ფინალი 2 მატჩის ჯამში – 6 ქულით მოიგო. პირველი შეხვედრა ზაზას აკადემიელებმა 10 ქულით, 55:45 (სტატისტიკა) მოიგეს, რაშიც ლომის წილი ეროვნული ნაკრების წევრმა, ილია სულაძემ დაიდო. მის ანგარიშზე 17 ქულა, 12 მოხსნა და 4 ჩაჭრა დაგროვდა. 11 ქულა მათე ყავლაშვილმა მიითვალა. აკადემიიდან 15 ქულით და 7 მოხსნით ნუგზარ ონიანი გამოირჩა, დავით ტრაპაიძის ანგარიშზე კი, რომელიც ჯერ მხოლოდ 14 წლისაა, 12 ქულა დაგროვდა.

საპასუხო მატჩი დიდი ბრძოლა გაიმართა. გელა წულაძისა და გიორგი გოგალაძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა საწყისი პერიოდი 5 ქულით მოიგეს და პირველ მატჩში მიღებული 10-ქულიანი დეფიციტი სანახევროდ აღმოფხვრეს. ზფა-მ მეტი მობილიზება მეორე პერიოდიდან გამოავლინა და მეორე პერიოდიდან ინიციატივას დაეუფლა. ალექს არიასის  გაწვრთნილმა ზფა-მ მეორე პერიოდი 18:9 მოიგო და დიდ შესვენებაზე გულდამშვიდებული გავიდა – 5 ქულით, 2 მატჩის ჯამში 14 ქულით იგებდა.

მესამე ათწუთეულიდან აკადემიელებმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბეს და წინ სოლიდურად გაჭრილ მეტოქეს შეუტიეს. ტრაპაიძე კიდევ უფრო მეტი შემართებისა და შედეგიანობით ათააშდა, რომელსაც მხარი ონიანმა, საბა ჟღენტმა და ილია ქურდაძემაც აუბეს. წულაძის გაწვრთნილმა გუნდმა მესამე პერიოდში (2 მატჩის ჯამში) 14-ქულიან დეფიციტს 6 ჩამოაკლო. გადამწყვეტ პერიოდში მომავალმა ჩემპიონმა ზფა-მ დაცვა გაამაგრა, სამწამიან ზონაში მქონე უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარა და მიუხედავად იმისა, რომ მატჩი წააგო, 2 მატჩის ჯამში მქონე ლიდერობა შეინარჩუნა.

ზაზას აკადემიელებს გამარჯვება პირველი მატჩის ლიდერებმა – ილია სულაძემ და მათე ყავლაშვილმა გაუნაღდეს. სულაძემ, რომელიც ზფა-ს ზედ ფინალის წინ დაემატა, შთმბეჭდავი ორმაგი დუბლი (14 ქულა, 14 მოხსნა) გაიფორმა, ხოლო ყავლაშვილმა, რომელსაც 3-ქულიანი სროლები არ წაუვიდა (6-დან 0), გარღვევებითა და საჯარიმო სროლებით 16 ქულა მოაგროვა და თავისი გუნდის ბომბარდირი გახდა. მატჩი საბოლოოდ აკადემიას გამარჯვებით 73:69 (სტატისტიკა) დასრულდა და 2 მატჩის ჯამში ზფა-მ იმარჯვა (124:118).

მესამე ადგილისთვის მატჩში ჰიუნდაიმ 73:65 (სტატისტიკა) დაამარცხა აჭარის ნაკრები და ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა. დაჯილდოების ცერემონიალზე პრიზიორი გუნდები შესაბამისი სინჯის მედლებით, ხოლო ზფა საჩემპიონო თასით კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრმა გაგა გაჩეჩილაძემ და 16-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ნიკა ცინცაძემ დააჯილდოვეს. საუკეთესო მოთამაშის პრიზი მათე ყავლაშვილს გადაეცა.