საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია აგრძელებს სპორტის მუზეუმში მოზარდ კალათბურთელებთან ერთად სტუმრობის ტრადიციას. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მდებარე მუზეუმს ამჯერად “აკადემიის”, “დინამოსა” და “შსს-აკადემიის” ახალგაზრდა კალათბურთელები ესტუმრნენ ეროვნული ნაკრების კაპიტან ზაზა ფაჩულიასთან და კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად.
სანამ ქართული სპორტის მატიანეს გაეცნობოდნენ, მოზარდ კალათბურთელებს სუპერლიგის და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ზაბახიძე, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა, ეროვნული ნაკრების გენერალური მენეჯერი პაატა ლობჟანიძე და სპორტული მუზეუმის დირექტორი ნანა მიქაძე გაესაუბრნენ. შემდეგ ახალგაზრდებს ზაზა ფაჩულიამ მიმართა და მათ მეტად საჭირო რჩევები მისცა. ზაზამ ბავშვებს ქართული სპორტის წარსულის ცოდნასა და დაფასებისკენ, ასევე სკოლაში კარგად სწავლისკენ მოუწოდა.
შემდეგ პატარების ჯერიც დადგა, რომლებმაც ეროვნული ნაკრების კაპიტანსა და “მილუოკი ბაქსის” ცენტრს უამრავი კითხვა დაუსვეს, მასთან სამახსოვრო სურათები გადაიღეს და ავტოგრაფები ჩამოართვეს. ქართული სპორტის მუზეუმს ზაზამ თავისი სათამაშო მაისური გადასცა. რადგან “ატლანტა ჰოუქსი” ფაჩულიას კარიერაში უკვე ისტორიას ჩაბარდა, სახელოვანმა კალათბურთელმა სწორედ ამ გუნდის 27-ნომრიანი მაისური უსახსოვრა სპორტის მუზეუმს და შთაბეჭდილებების წიგნში საკუთარი შთაბეჭდილებაც ჩაწერა.
სამახსოვრო სურათის გადაღების შემდეგ ახალგაზრდა კალათბურთელებს სპორტის მუზეუმის თანამშრომლობა გამოფენილი მედლების, სიგელების, თასების და ნაირგვარი ტიტულების ისტორია გააცნეს.
გიორგი ზაბახიძე, სუპერლიგის და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი:
,,ამ აქციების ჩატარება ბატონ მიხეილ გაბრიჩიძის ინიციატივით დავიწყეთ იმ მიზნით, რომ მომავალი თაობა გაეცნოს ქართული სპორტის და კალათბურთის ისტორიას, ბავშვთა სკოლებს და ასაკობრივ ლიგებს მეტი ყურადღება დაეთმოთ და კალათბურთი უფრო მასიური გახდეს. ბავშვთა კალათბურთი ფედერაციისთვის პრიორიტეტულია. დღეს უკვე მეორედ მოეწყო მსგავსი ღონისძიება, აქციები გაგრძელდება და მასში ყველა ბავშვი იქნება ჩართული.’’
ვლადიმერ ბოისა, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი:
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა გაიგონ ქართული სპორტის ისტორია. კალათბურთის ფედერაცია ზრუნავს ქართული კალათბურთის ისტორიაზე და დღევანდელ დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანთან, ზაზა ფაჩულიასთან ბავშვების შეხვედრა მნიშვნელოვანია ასეთი აქციებისთვის სისტემატური ხასიათის მისაცემად.’’
პაატა ლობჟანიძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მენეჯერი:
,,ახალი თაობისთვის მსგავსი შეხვედრები ძალიან ბევრს ნიშნავს. პირველ რიგში, ისინი ქართული კალათბურთის და, ზოგადად, სპორტის ისტორიას გაეცნობიან. მეორეც, მომავალი კალათბურთელები არიან და ასეთი ღონისძიებები და აქციები მათ მეტ შემართებას მისცემს, რათა უფრო სერიოზულად და გულიანად მიუდგნენ თავიანთ საქმეს. დღეს მათ ნაკრების კაპიტანთან ერთად მოინახულეს სპორტის მუზეუმი და ეს მათთვის დიდი სტიმულია. მომავალში ნაკრების სხვა წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას ამ აქციაში და კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, თავის მხრივ, ყოველთვის მზად არის ორგანიზება გაუწიოს ასეთ შეხვედრებს.’’
ზაზა ფაჩულია, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი:
,,ძალიან კარგი შეხვედრა გამოვიდა. ეს ბავშვები ქართული კალათბურთის მომავალი და დიდი სპორტსმენები არიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ახალმა თაობამ, არამედ თითოეულმა ჩვენგანმა იცოდეს ქართული სპორტის ისტორია. ამ დარბაზში უამრავი ისტორიული გამარჯვება, მიღწევა და მონაგარია თავმოყრილი. ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ ბავშვები უფრო დააფასებენ ქართულ სპორტს და სპორტსმენებს. დღეს მათგან ბევრი კარგი და საინტერესო კითხვა მოვისმინე, მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა შედგა.’’
ნანა მიქაძე, ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორი:
,,დღეს მუზეუმს ზაზა ფაჩულია და ვლადიმერ ბოისა ესტუმრნენ, ძალიან მოხარულები ვართ ამ შეხვედრით, ნაკრების კაპიტანმა მუზეუმს თავისი ნბა-ს მაისური უსახსოვრა. ბავშვებმაც ძალიან ისიამოვნეს. მათ ვპირდებით, რომ მომავალში კიდევ ბევრ წარმატებულ სპორტსმენს შევახვედრებთ.’’
ზუკა კირვალიძე, ,,შსს-მართვე’’:
,,ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით, ზაზა ფაჩულია არაჩვეულებრივად შეგვხვდა, ჩვენს კითხვებსაც უპასუხა და თავისი კარიერის შესახებ გვესაუბრა. ყველა ძალიან გახარებულები და კმაყოფილები ვართ.’’
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრეს-სამსახური