“არმიის” 14-წლამდელთა გუნდი ბარსელონაში GLOBASKET-ის საერთაშორისო ტურნირზე იმყოფებოდა

“არმიის” 14-წლამდელთა გუნდი ბარსელონაში GLOBASKET-ის საერთაშორისო ტურნირზე იმყოფებოდა

საკალათბურთო კლუბ „არმიას“ ბავშვთა გუნდმა ევროპის ერთ-ერთ მასშტაბურ და მასობრივ საკალათბურთო ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ალექსი ქისტაურის გაწვრთნილი გუნდი 8-13 აპრილს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, GLOBASKET-ის ტურნირში საასპარეზოდ იმყოფებოდა.
ბარსელონაში თავი მსოფლიოს უამრავი ქვეყნის 106-მა გუნდმა მოიყარა. ტურნირები ჩატარდა 2003, 2005 და 2005 წლებში დაბადებულ როგორც ვაჟებს, ისე გოგონებს შორის. „არმია“ გამოვიდა 2003-წლიანებში და ტურნირზე გამართული 6 მატჩიდან 2 მოიგო.
„არმია“ ბარსელონაში შემდეგი შემადგენლობით იმყოფებოდა: გიორგი გუგუციძე, ნიკა თოთლაძე, ნიკოლოზ კაკუბერი, ლუკა დევიძე, ლუკა პაპუაშვილი, გიორგი გოგოლაძე, თეიმურაზ ჭუაძე, ნუგზარ ბოჭორიშვილი, ირაკლი სხიერელი, ნოდარ გუდიაშვილი, გეგა იზორია, გიორგი ჭუაშვილი. მწვრთნელი: ალექსი ქისტაური.

არმიელთა ჯგუფში თავი მოიყარეს „ფუენლაბრადამ“ (ესპანეთი), „მლადოსტმა“ (სერბეთი), „უნიონ დე კოლონმა“ (არგენტინა), „ლაგუნა შარკსმა“ (რუმინეთი), მატარომ (ესპანეთ) და მარკ გასოლის საკალათბურთო აკადემიის გუნდმა. ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორიც სწორედ მარკ გასოლის აკადემია გახლდათ.
მატჩების პარალელურად იმართებოდა შეხვედრები კლუბების მენეჯერებს შორის, სადაც სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შორის მყარდებოდა საქმიანი ურთიერთობები, მიმდინარეობდა გამოცდილების გაცვლა და ბავშვებში მუშაობის მეთოდიკაზე საუბრები.
„არმიის“ გუნდის წევრებმა დიდი გამოცდილება მიიღეს ბარსელონაში გამართულ მასშტაბურ საკალათბურთო ღონისძიებაში. არმიელები მომავალ წელს დაგეგმილ GLOBASKET-ის ტურნირშიც მიიწვიეს.