საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

“დინამო თბილისი” სუპერთასის მფლობელია

“დინამო თბილისი” სუპერთასის მფლობელია

ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის გამარჯვებული „დინამო თბილისი“ გახდა . ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა სატიტულო მატჩში „ქუთაისი 2010“ 18 ქულის სხვაობით – 88:70 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში უკვე მეორე ტიტული მოიგო.

წლების მანძილზე სუპერთასი სეზონის ბოლოს იმართებოდა, თუმცა მეორე სეზონია, აღნიშნული ტიტულის გათამაშება სეზონის დასაწყისში გადმოიტანეს, რომელშიც სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი და საქართველოს თასის მფლობელი მონაწილეობენ.

დინამოელებმა 6 დღის წინ დუდუ დადიანის თასი მოიგეს და აღნიშნულ ტიტულს დღეს სუპერთასიც მიამატეს. მოქმედმა ჩემპიონმა შესანიშნავად ითამაშა და გამარჯვებაც დაიმსახურა. მიხეილ ბერიშვილისა და ამერიკელი ლეგიონერების – ლაველ ბოიდისა და კაილ ტურპინის ლიდერობით დინამოელებმა თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს. აღსანიშნავია, რომ იყო მომენტები – პირველ და ბოლო პერიოდებში, როცა ქუთაისელებმა თამაში დაალაგეს და მეტოქეს მიუახლოვდნენ, თუმცა ამას დროებითი და ხანმოკლე ხასიათი ჰქონდა.

თამაში ისე ჩამთავრდა, ვითარება არ დაძაბულა და დინამოელებმა მორიგი ტიტულის მოგება აღნიშნეს. გამარჯვებულთაგან 22 ქულით ბომბარდირი ლაველ ბოიდი გახდა, საუკეთესო მარგი ქმედების კოეფიციენტი (34) კი კაელ ტურპინს ჰქონდა, რომელმაც 20 ქულა, 11 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. შესანიშნავად ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა მიხეილ ბერიშვილმა, რომელმაც თავი 20 ქულას, 7 მოხსნას და 3 ჩაჭრას მოუყარა.

ქუთაისში ორმაგი დუბლით გამოირჩა აკაკი დვალიშვილი, რომლის ანგარიშზეც 14 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. ქუთაისელთაგან 19 ქულით ბომბარდირი გახდა ბექა ბექაური, ჯონათან ლის ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა.

მატჩის შემდეგ შედგა დაჯილდოვების ცერემონიალი. დინამოელთა კაპიტან ილია ლონდარიძეს ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პერეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და ოთარ ქორქიას შვილმა – ცნობილმა ვეტერანმა კალათბურთელმა – ნოდარ ქორქიამ გადასცეს.

ირაკლი ხოშტარია, დინამოს მთავარი მწვრთნელი:

„საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავდა. მიუხედავად იმისა, რომ თამაში გვეჭირა, ვიცოდით, რომ შეიძლებოდა ნებისმიერ მომენტში „ქუთაისს“ გარდატეხა შეეტანა. რამდენჯერმე გამოასწორეს კიდეც თამაში, მაგრამ ჩვენ კორექტივები შევიტანეთ და მეტოქეს წარმატების შანსი არ მივეცით. სუპერთასი დამსახურებულად მოვიგეთ, რასაც ვულოცავ ჩვენი გუნდის წევრებს“.

ლევან ფაცაცია, „დინამოს“ კალათბურთელი:

„პროგრესს განვიცდით. ქართულ გუნდებთან ჩატარებულ მატჩებში საკმაოდ კარგად გამოვიყურებით და იმედი გვაქვს, ეს იქნება კარგი მოსამზადებელი პერიოდი საიმისოდ, რომ ევროპის თასზე ღირსეულად გამოვიდეთ. ვულოცავ ჩვენს თანაგუნდელებს მორიგი ტიტულის მოგებას“.