დაიწყო საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური სერია, რომელშიც ერთმანეთს რეგულარულ ჩემპიონატში პირველ ადგილზე გასული “დინამო” და მეორეადგილოსანი – ზაზას აკადემიის პირველი გუნდი ხვდებიან.
ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ფინალური სერიის პირველ მატჩსს ბლომად გულშემატკივარი დაესწრო. ამ 2 გუნდის კონკურენცია მთელს ჩემპიონატს მთავარ ინტრიგად მოჰყვება და თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ჩემპიონის ტიტულიც სწორედ მათ შორის გათამაშდებოდა.
“დინამო თბილისი” მთელი თამაშის მანძილზე ლიდერობდა და შანსი ჰქონდა, ჩემპიონობა ფაქტობრივად პირველი მატჩს შემდეგ გაენაღდებინა, მაგრამ სოლიდური უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ერთხანს 21 ქულით მოლიდერემ საბოლოოდ მხოლოდ 82:77 იმარჯვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 28 ივნისს, ოლიმპიურ საახლეში 17:30 საათზე დანიშნულ მატჩში დინამოელებს 5-ქულიანი ჰანდიკაპი ექნებათ. თუკი 5 ქულაზე ნაკლებს წააგებენ, ანაც იმარჯვებენ, დინამოელები ჩემპიონები გახდებიან.
შეხვედრაში ყველაზე გამორჩეული ვლადიმერ თავაქარაშვილი გახლდათ. დინამოელმა ფორვარდმა 38 ქულა დააგროვა, ვის შემდეგაც 12-12 ქულით გიორგი ბიგანაშვილი და თორნიკე ანჯაფარიძე გამოირჩნენ. “ზაზას აკადემიაში” 20 ქულით საუკეთესო იყო ამ გუნდში შარშან დინამოდან გადასული ირაკლი კილაძე. 19 ქულა მოაგროვა მათე კაპანაძემ, ხოლო 13-13 – ნიკა გაფრინდაშვილმა და ვახტანგ გოგბერაშვილმა.