საქართველსო 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატში ჰოლანდიასთან მატჩით ჩაება. კონტინენტის პირველობის B დივიზიონს მონტენეგროს დედაქალაქი პოდგორიცე მასპინძლობს, სადაც 24 ქვეყნის ნაკრები 4 ჯგუფშია გადანაწილებული. ყველას მიზანი ჯგუფიდან გასვლა და სამეულში მოხვედრაა, რადგან 24-დან მხოლოდ სამ საუკეთესოს ეძლევა მომავალ სეზონში A დივიზიონის საგზური. ვინ აინაცვლებს ელიტაში, ეს 17 აგვისტოს გადაწყდება, მანამდე კი საინტერესო ბრძოლები გველის.
საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიელებთან მატჩი სოლიდური გაქცევით დაიწყო. დიმიტრი ჯაკობოვისა და დავით როგავას გაწვრთნილი გუნდი პირველი პერიოდის დასრულებამდე 3 წუთით ადრე 13:0 იგებდა, თუმცა ბენილუქსელები მალევე გამოფხიზლდნენ და მეოთხედის ბოლომდე ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირეს – 7:17.
ყველაფერი შეიცვალა მეორე პერიოდიდან. ჰოლანდიელებმა დაცვა გააძლიერეს, შეტევაში ტემპს უმატეს და შედეგად უდიდესი სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს, რაც მალევე ანგარიშშიც აისახა. ჰოლანდიამ 23:8 მოიგო ათწუთეული და დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი ლიდერობით გავიდა. მესამე ათწუთეული თანაბარი გამოდგა და ბოლო პერიოდის წინ ჰოლანდიელებს 5-ქულიანი ლიდერობა შერჩათ. დასკვნით მეოთხედში ქართველები ბევრს ეცადნენ, მეტოქეს 2 ქულითაც მიუახლოვდნენ, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა ვეღარ მოახერხეს. საფინალო სირენამდე 2:55 წუთით ადრე ჰოლანდია 52:50 იგებდა, როცა ქართველებმა რამდენიმე შეტევა გააცუდეს და მეტოქის ჯერიც დადგა. ჰოლანდიელებმა ბოლო წუთზე 6-ამდე გაზარდეს უპირატესობა და მატჩის ბედიც გადაწყვიტეს.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე სარგებლიანი ლუკა ლიკლიკაძე გახლდათ, რომელმაც 13 ქულა, 7 ჩაჭრა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. 14 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკა ავალიანი, სანდრო კასაბურის ანგარიშზე კი 10 ქულა, 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა დაგროვდა.
ჩვენს ჯგუფში პორტუგალიამ კვიპროსს 59:46 მოუგო, ჩეხეთისა და ირლანდიის მატჩი გვიან ღამით დასრულდება. საქართველოს ნაკრები მეორე ტურის მატჩს 9 აგვისტოს, თბილისის დროით 18:00 საათზე გამართავს.
საქართველო – ჰოლანდია
სტატისტიკა: 51:59