გივი გივიაშვილის საოცარი სამქულიანი

გივი გივიაშვილის საოცარი სამქულიანი

ის რაც „ვერე“ – „ორბის“ მატჩში მოხდა, 16–წლამდელთა ჩემპიონატში კი
არა, სუპერლიგაშიც გამორჩეულ შემთხვევად ითვლება. გივი გივიაშვილმა ცენტრიდან მატჩის ბოლო წამზე გამთანაბრებელი სამქულიანი ჩაუგდო „ვერეს“.

ეს გახლდათ მართლაც საოცარი რამ. გივიაშვილმა ცენტრიდან რომ ესროლა,
ბურთი ჰაერში იყო, საფინალო სირენა რომ გაისმა. „ორბის“ მოთამაშეების და ქომაგების
გასახარად ბურთი კალათში ჩაეშვა და თამაში ოვერტაიმში გადავიდა.

საქმე რომ დამატებით დრომდე მიიყვანეს, ვერელების ბრალია. მათ უკანასკნელ 20
წამში 4–დან მხოლოდ 2 საჯარიმო ჩააგდეს. არადა, ერთით მეტი რომ ჩაეგდოთ, „ვერე“ 4
ქულით გალიდერდებოდა და მიუწვდომელი იქნებოდა.

საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე ვერელი იაკობიძე საჯარიმოს ხაზზე
დადგა და პირველი სროლა ააცილა, მეორე კი ჩააგდო. ორბელებმა ბურთი შემოიტანეს,
ერთი სწრაფი პასი, მეორე და ბურთი გივი გივიაშვილს მიუვიდა, რომელმაც ცენტრიდან
ესროლა და …

ორბელებისთვის სამწუხაროდ, ოვერტაიმში მათ საქმე ვერ
აეწყოთ. დიდ შეუპოვრობითა და ლამაზი სროლით შემოტირალებული მატჩი მათ ისევ ხელიდან
გაეშვათ. დამატებით 5–წუთეულში ვერელებმა შეცდომა გამოასწორეს და „ორბს“
წარმატების შანსი აღარ დაუტოვეს. იაკობიძემ ამჯერად მეტი წარმატებით ესროლა
საჯარიმოები, მას ამაში სანდრო ჩხიკვიშვილი და ვახო ჯინჯიხაძეც დაეხმარნენ და „ვერემ“
საბოლოოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

დანარჩენ მატჩებში ლოგიკური შედეგები დაფიქსირდა. გამორჩეული
სტატისტიკა ჰქონდა „აკადემიის“ ცენტრ ბექა ნადირაძეს, რომელმაც 28 ქულა, 27
მოხსნა და 11 დაფარება მიითვალა, რითაც შთამბეჭდავი სამმაგი დუბლი გაიფორმა. 27 მოხსნა გადაულახავი ბარიერია. მიმდინარე
სეზონში უკვე მესამე მოთამაშემ მოაგროვა 27 მოხსნა. ბექა ნადირაძემდე ეს კიდევ
ორმა ბექამ მოახერხა – მარნეულელმა ჯაჯანიძემ და „ზაზას“ ესპანეთში წასულმა
ბურჯანაძემ.