საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა. საკალათბურთო კლუბმა “ჰიუნდაიმ” დამაჯერებლად – 90:69 (სტატისტიკა) სძლია ზაზა ფაჩულიას აკადემიას და საჩემპიონო ბრძოლა უფრო დაიძაბა. სერიაში, რომელიც 3 მოგებამდე გრძელდება, საერთო ანგარიში 1:1 გახდა.
ჰიუნდაელებმა პირველ მატჩში იბრძოლეს, თუმცა წარმატების შანსი არ ჰქონიათ. მეორე შეხვედრაში ირაკლი და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილების, ასევე ლაშა ელბაქიძის გაწვრთნილმა “ჰიუნდაიმ” ბრძოლის კლასიკური მაგალითი აჩვენა და ძალიან ძლიერ მეტოქეს უშანსოდ მოუგო. პირველი ნახევარი თანაბარი იყო, თუმცა უმტესწილად “ზაზა” ლიდერობდა. ჰიუნდაელები სწრაფი სპურტებითა და აფეთებით აბათილებდნენ ჩამორჩენას. ასე იყო პირველი ნახევრის ბოლო წუთზე, როცა 41:44 ჩამორჩენილმა “ჰიუნდაიმ” ნოდარ კეკელიძის ორიანითა და ლუკა ლურსმანაძვილის სამიანით დიდი შესვენებისთვის ლიდერობა მოიპოვა – 46:44.
მესამე პერიოდი და ჰიუნდაელთა შტურმი ერთდროულად დაიწყო. კოსტანტინე სუხიშვილის, ალექსანდრე ფაღავას, გიორგი გუგუციძის მექულეობითა და მათ თანაგუნდელთა დახმარებით ჩერქეზიშვილის გუნდმა მეოთხედი 29:8 მოიგო და მატჩის ბედი ფაქტობრივად 10 წუთში გადაწყვიტა. ბოლო პერიოდის წინ ჰიუნდაელები 23 ქულას იგებდნენ და გამარჯვებამდეც უპრობლემოდ მივიდნენ.
18 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთესო შედეგი დააფიქსირა გიორგი გუგუციძემ, ხოლო ბომბარდირი 21 ქულით ლუკა ლურსმანაშვილი გახდა. 17 ქულა მოაგროვა ალექსანდრე ფაღავამ, 16 ქულა კოსტანტინე სუხიშვილის ანგარიშზე დაგროვდა. “ზაზას აკადემიაში” 10-ქულიან ზღვარს ვერავინ მიაღწია. საუკეთესო შედეგი პირველი მატჩის მსგავსად გუჯა ხვედელიძემ დააფიქსირა, რომელმაც 8 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.
ფინალური სერიის მესამე მატჩი 15 ივნისს, 19:45 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.