საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, სერბი იგორ კოკოშკოვი და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერები არიან.
ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააშვილმა საქართველოს ნაკრების თავკაცი და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აღნიშნული ორდენებით ყვარელში დააჯილდოვა.კალათბურთის ფედერაციამ იგორ კოკოშკოვს ეროვნული ნაკრები 2008 წელს ჩააბარა. სწორედ იმ წლიდან დაიწყო ჩვენი ნაკრების წარმატებული სვლა ევროპის B დივიზიონიდან კონტინენტის ფინალურ ეტაპამდე. საქართველოს ნაკრები ჯერ A დივიზიონში აღზევდა, მომდევნო ციკლში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, ხოლო გასულ წელს ევრობასკეტზე კონტინენტის საუკეთესო 12 გუნდში მოხვდა.კოკოშკოვი საქართველოში გუშინ საღამოს ჩამოვიდა. ის ამერიკაში, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშე გუნდ „ფინიქს სანსში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტია და გუნდთან ერთად შეკრებაზე იმყოფებოდა. კოკოშკოვი ამერიკაში ხვალ, გამთენიისას ბრუნდება. იგორ კოკოშკოვმა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ფინიქს სანსის“ სათამაშო მაისურები უსახსოვრა.
ლიპარტელიანთან და კოკოშკოვთან ერთად მიხეილ სააკაშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე და მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი რიჩი დიქსონიც დააჯილდოვა.