16-წლამდელთა მიმდინარე სეზონში დასრულდა მეოთხედფინალური
მატჩები, რომლებიც ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად ჩატარდა.
ნახევარფინალური საგზური ქუთაისის, კარდინალის,
სოხუმისა და აკადემიის გუნდებმა მოიპოვეს, რომლებიც ახლა უკვე ფინალური საგზურისთვის
იბრძოლებენ.
ნახევარფინალური სერია ორ მოგებამდე გაგრძელდება, სადაც
ერთმანეთს ,,ქუთაისი“ – კარდინალი-ორბი და ,,სოხუმი“ -აკადემია დაუპირისპირდებიან.
16-წლამდელთა ჩემპიონატთან დაკავშირებით ,,აკადემიის“ მთავარ მწვრთნელ ირაკლი ტომარაძეს გავესაუბრეთ.
მეოთხედფინალურ
სერიაში ძალიან დაძაბული მატჩი გქონდათ რუსთავთან… როგორ შეაფასებდი თამაშს?
– ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო
იყო, რადგან მეოთხედფინალები ერთ მოგებამდე გრძელდებოდა და თამაშის გამოსწორების შანსი
არ გეძლეოდა. მაქსიმალურად ვცდილობდით ნაკლები შეცდომები დაგვეშვა და მეტად მობილიზებულნი
ვყოფილიყავით. ტრავმების გამო გუნდი მაინდამაინც კარგ ფორმაში არ იყო და არ ველოდი
ამ მოგებას, მაგრამ ბიჭებმა მოიკრიბეს ძალები და შეძლეს გამარჯვების მოპოვება. თანაც ეს მატჩი თბილისში
ტარდებოდა, რაც გუნდისთვის დამატებითი სტიმული იყო. რუსთავში ყოველთვის ძნელია ხოლმე
გამარჯვება.
– ნახევარფინალში
სოხუმს ხვდებით… როგორ ფიქრობთ რა შანსები გაქვთ?
– მოგების შანსი გვაქვს, ვინაიდან ნახევარფინალამდე
საკმაოდ დიდი დროა. იქამდე სათანადოდ მომზადებასაც შევძლებთ და ტრავმირებული მოთამაშეებიც
ჩადგებიან სასურველ ფორმაში.
– ჩემპიონატის
ფავორიტად რომელ გუნდს მიიჩნევთ?
– ვფიქრობ, წლევანდელ სეზონს გამოკვეთილი ლიდერი არ
ჰყავს, მაგრამ ჩვენთვის უშუალო კონკურენტი კარდინალი-ორბია, რომელიც ჩვენთვის ყველაზე უხერხული
მეტოქე იქნება.
– შარშანდელთან
შედარებით როგორ შეაფასებდი 16-წლამდელთა ჩემპიონატს?
– მოთამაშეებში
დიდი სხვაობა არ არის. შარშანაც ძალიან საინტერესო ჩემპიონატი იყო. ბევრი დაძაბული
მატჩი ჩატარდა, განსაკუთრებით პლეიოფებში. რაც შეეხება ორგანიზებას, წელს გაცილებით
დახვეწილია.
– აკადემიის სუსტ
და ძლიერ მხარეებად რას მიიჩნევ?
– დაცვაში ძალიან კარგად ვთამაშობთ, რაც სტატისტიკიდანაც
ჩანს. მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები ბურთი გვაქვს გაშვებული. ჩვენს სუსტ მხარედ
კი მოხსნა ითვლება, რის გამოც ფარზე მუდმივად გვაქვს პრობლემები. გამოკვეთილი ცენტრი
არ გვყავს და შესაძლოა ესეც იყოს ამის მიზეზი, თუმცა ხდება ხოლმე როცა სიმაღლით დაბალი
გუნდი უფრო მეტ მოხსნას აგროვებს. ტექნიკურად სხვა გუნდები აშკარად გვჯობნიან და ამაში
ბევრი სამუშაო გვაქვს.
– შენი აზრით, რა არის 16-წლამდელთა ჩემპიონატის ხარვეზი?
– ალბათ ის, რომ ერთ მოგებამდეა მეოთხედინალები. მიმაჩნია,
რომ სერია ორ მოგემადე უნდა გრძელდებოდეს. კალათბურთში ხშირადაა ისეთი შემთხვევები,
როდესაც გუნდი ჯერ 0:2 აგებს, შემდეგ კი
3:2-ს იგებს. ძლიერი გუნდი გაცილებით დაძაბულია, ვინაიდან მარცხის შემთხვევაში პლეიოფს
ეთიშება. სუსტ გუნდს დასაკარგი არაფერი აქვს და უფრო თავისუფლად და ლაღად თამაშობს.
– რა დონეზეა საქართველოში ბავშვთა კალათბურთი?
– გამომდინარე ჩვენი რესურსებიდან და ბავშვების რაოდენობიდან,
ვფიქრობ ნორმალურ, საშუალო დონეზე ვიმყოფებით.
– შენს სამწვრთნელო
კარიერაზე რას იტყვი?
– მწვრთნელობამდე კალათბურთელი ვიყავი. ამ ასაკში
არ მეგონა ტრამვას თუ მივიღებდი და არც მწვრთნელობას
ვგეგმავდი. აკადემიაში რომ მოვედი ძალიან გამიმართლა. ისეთ გარემოში მოვხდი, რომელმაც
ჩემს მწვრთნელად ჩამოყალიბებას დიდად შეუწყო ხელი. კალათბურთში ბევრი ნიუანსია, რაც გამოცდილი მწვრთნელებისგან
ვისწავლე. სწორედ აკადემიაში მომუშავე მწვრთნელებმა განაპირობეს ჩემი როგორც ახალგაზრდა მწვრთნელის განვითარება.