საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრები ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ფიბა-ს ევროჩელენჯერში ასპარეზობს, სადაც მთლიანობაში 7 ქვეყნის ნაკრებია თავმოყრილი და საუკეთესოს გამოსავლენად იბრძვის. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი საქართველო 4-გუნდიან ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, უკან მოიტოვა უნგრეთის, სლოვაკეთისა და კვიპროსის ნაკრებები და ნახევარფინალში უკრაინას დაუპირისპირდება. უკრაინამ მეორე ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. მოუგო შვეიცარიას და დამარცხდა პორტუგალიასთან. სოფიაში შევეხმიანეთ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი ტომარაძეს, რომელმაც ჯგუფური ეტაპი შეაფასა და მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა…
– შედეგით კმაყოფილი ვართ, რადგან ჯგუფში პირველ ადგილზე გავედით. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა სამივე თამაშის მოგება და ისე გასვლა პირველ ადგილზე, მაგრამ ასე არ მოხდა, თუმცა ჯგუფში მაინც ყველა ჩამოვიტოვეთ და ნახევარფინალის საგზურიც მოვიპოვეთ. რაც შეეხება თამაშს, პირველი მატჩით აშკარად არ ვართ კმაყოფილები. რაც პირველ რიგში აღსანიშნავია, სლოვაკეთთან საკმარისად არ ვიბრძოლეთ, განსაკუთრებით დაცვაში, რაც ჩემი აზრით ბევრი ფაქტორით იყოს გამოწვეული. თუნდაც დიდი ხნის განმავლობაში უთამაშებლობით, რაც შეიძლება ჩვენს მეტოქესაც ჰქონდა მინუსად, ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან წელიწადნახევარია საქართველოს ნაკრებს არ უთამაშია. ამხანაგური მატჩების ჩატარებაც ვერ მოვახერხეთ და ეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა. მეორე თამაში კვიპროსთან უკეთესი იყო და მესამე შეხვედრაში, უნგრეთთან, შემიძლია ვთქვა, რომ ბიჭებმა კარგად იბრძოლეს. ყველაფერი ჩადეს იმაში, რომ მოგვეგო ეს თამაში და ეს ნათლად ჩანდა. რაც მთავარია, ხასიათი აჩვენეს. ყოველი მატჩის შემდეგ ვუმატებთ და იმედი მაქვს, შემდეგ მატჩებში უფრო უკეთესად ვითამაშებთ.
– უნგრეთთან ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის წინ გაირკვა, რომ ჯგუფიდან წაგების შემთხვევაშიც გავიდოდით. ამან რამენაირად გავლენა ხომ არ იქონია ჩვენების თამაშზე?
– არანაირად არ იმოქმედა ჩვენზე. ჩვენი მიზანი ისაა, რომ აქედან გამარჯვებულები დავბრუნდეთ, პირველი ადგილის მოგებაზე ვფიქრობთ მხოლოდ და შესაბამისად, არა აქვს მნიშვნელობა სხვა თამაშების შედეგებს. როცა ჩემპიონობა გინდა, ყველა მეტოქე დასამარცხებელი გყავს და ვფიქრობ, თამაშსაც ეტყობოდა, რომ ჩვენ არ გვქონდა განაღდებული რამე. ბიჭები ბოლომდე იბრძოდნენ და მთავარი, რაც მოგებასთან ერთად მიზნად გვქონდა, იყო ის, რომ სლოვაკეთთან ჩავარდნილი მატჩის შემდეგ ჩვენი თამაში გვეპოვა. ამასთან ერთად, ეს იყო ღირსების თამაშიც, რადგან არ გვსურდა, რომ ვიღაცის წაგების გამო გავსულიყავით ჯგუფიდან. ბიჭებმა საკუთარი თამაშიც იპოვეს და დამაჯერებელი გამარჯვებით სრულიად დამსახურებულად მოახერხეს ნახევარფინალში პირველი ადგილიდან გასვლა.
– უკრაინა ალბათ უხერხული მეტოქეა. რას ელით მომავალი დაპირისპირებისგან?
– რა თქმა უნდა, დაძაბულ თამაშს ველი, რადგან როგორც ჩვენ გავედით ნახევარფინალში, ისე უკრაინელებმაც მოახერხეს ჯგუფიდან გასვლა. დარწმუნებული ვარ, როგორც ჩვენ არ ვაპირებთ რამის დათმობას, ასევე არიან უკრაინელებიც და აქედან გამომდინარე, ველოდები ძალიან დაძაბულ თამაშს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. რაც შეეხება მეტოქის პლუსებს, პირველ რიგში თვალშისაცემია, რომ უკრაინას ჰყავს ჩვენზე ტანმაღალი მოთამაშეები.
– მეორე ნახევარფინალში უნგრეთი და პორტუგალია ხვდებიან. თქვენი აზით, რომელს აქვს უპირატესობა?
– ძალიან ძნელია, რომელიმე გუნდი გამოყო, რადგან დაძაბული დაპირისპირებაა მოსალოდნელი. ორივე გუნდს ჰყავს ტანმაღალი მოთამაშეები, პერიმეტრზეც კარგად ათამაშებენ ბურთს. რთულია გამოარჩიო ფავორიტი, თუმცა შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, მცირე უპირატესობა პორტუგალიელებს აქვთ, რადგან წაუგებლად ასპარეზობენ. უნგრეთს ვეთამაშეთ და უკეთესად გვყავს შესწავლილი, ვიდრე პორტუგალია. ვნახოთ, რა იქნება.