შედეგები გალერეა
დღეს 14 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტი აიღო 16-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალურმა სერიამ, სადაც ერთის მხრივ ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ „ორბი“ და „აკადემია“, ხოლო მეორეს მხრივ – „დინამო“ და „ქუთაისი“.
პირველი მატჩი ძალზედ დაძაბული გამოდგა, სადაც შეხვედრის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა – აკადემიამ საკმაოდ რთულ ბრძოლაში დაამრცხა ორბი 85:81 და სერიაში დაწინაურდა. გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესონი იყვნენ 27 ქულით, 19 მოხსნითა და 6 პასით ლაშა მიქელაძე, 22 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა ამერიკელმა ტერენს ქროულიმ, ბექა ბექაიამ 13 ქულა და 7 პასი მიიწერა. ორბის რიგებიდან საუკეთესონი იყვნენ გაბრიელ გორგაძე 22 ქულით, ნიკოლოზ გურგენიძე 21 ქულითა და 10 მოხსნით, გიორგი ფაიქიძემ 18 ქულა შესძინა თავის გუნდს, რომელსაც 9 მოხსნაც დაურთო, ხოლო გიორგი ბიჭიაშვილმა 13 ქულა და 11 მოხსნას მოუყარა თავი.
მეორე ნახევარფინალურ წყვილში „დინამო“ „ქუთაისთან“ არკვევდა გამარჯვებულის ვინაობას – მეორე მეოთხედში ქუთათურები წინ გაიჭრნენ 20 ქულით, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს დინამომ სხვაობის 4 ქულამდე დაყვანა მოახერხა. დინამოელებმა ბოლო მეოთხედი კი მოიგეს 28:26, მაგრამ ამით საერთო ანგარიშს ვერაფერი შემატეს და სერიის პირველ მატჩში გამარჯვება ქუთაისმა მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდს 44 ქულითა და 6 მოხსნით პაპუნა კირთაძემ ულიდერა, 14 ქულა მოაგროვა ალექსანდრე მერკვილაძემ, ხოლო 13 ქულა და 8 მოხსნა ლუკა კანთელაძის ანგარიშზეა. დინამოელთაგან საუკეთესონი იყვნენ ირაკლი კილაძე 28 ქულითა და 11 მოხსნით, ნიკა კიშკო 18 ქულით და გიორგი ბიგანიშვილი 14 ქულითა და 8 მოხსნით.
სერიის მომდევნო მატჩები თბილისსა და ქუთაისში 15 და 16 ივნისს გაიმართება.
ორბი – აკადემია 81:85
დინამო – ქუთაისი 78:82