ოთხმაგი დუბლი ფინალურ სერიაში – რუსთავი ჰიუნდაისთან 13 ქულით დაწინაურდა

ოთხმაგი დუბლი ფინალურ სერიაში – რუსთავი ჰიუნდაისთან 13 ქულით დაწინაურდა

16-წლამდელთა ჩემპიონატში ფინალური სერია დაიწყო. A ლიგის გათამაშება არის უმაღლესი იმ 3 ლიგიდან, რომლებიც 14, 16 და 18 წლამდელთა ჩემპიონატებში თამაშდება. შესაბამისად, A ლიგის გამარჯვებული არის საქართველოს ჩემპიონი და ამ ტიტულისთვის დღეს ჰიუნდაი და რუსთავი იბრძვიან.

ჰიუნდაიმ ნახევარფინალში დიდი ბრძოლა გადაიტანა და საამაყო გამარჯვება მოიპოვა ზაზა ფაჩულიას აკადემიასთან. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი მატჩი 13 ქულით წააგო და რაკი გათამაშების ფორმატის თანახმად, საპლეიოფო სერიები 2-მატჩიანია, საპასუხო შეხვედრაში ამ სხვაობის ამოღება და მეტით მოგება სჭირდებოდა. ეს ამოცანა ჰიუნდაი შეასრულა, მეტოქე 20 ქულით დაამარცხა და ფინალში რუსთავს შეუერთდა. ოთარ ხმელიძის გაწვრთნილმა რუსთავმა ნახევარფინალში პირველი შეხვედრა კი დათმო, თუმცა ქუთაისში, მხოლოდ 2 ქულით და საპასუხო მატჩში დეფიციტი იოლად აღმოფხვრა. რუსთაველებმა იმერული კლუბი 29 ქულით დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ.

ფინალური სერიის პირველი მატჩის შემდეგ კვლავ 13-ქულიანი დეფიციტი აქვს ჰიუნდაის. რუსთავმა საჩემპიონო სერიის პირველი შეხვედრა საკუთარ დარბაზში, მხურვალე ქომაგობის თანხლებით, 80:67 (სტატისტიკა) მოიგეს. ჰიუნდაიმ დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, მაგრამ ვერას გახდა 2 უკანახაზელის – დათა ვაშაკიძისა და ლუკა ტაბაღუას წინააღმდეგ. განსაკუთრებით ტაბაღუას გარჯაა გამოსარჩევი, რომელმაც ოთხმაგი დუბლი შეასრულა – 27 ქულა, 11 მოხსნა, 10 პასი, 10 ჩაჭრა. აღსანიშნავია, რომ ტაბაღუამ წინა მატჩში, ქუთაისთან სამმაგი დუბლი შეასრულა (12 ქულა, 12 მოხსნა, 12 პასი), თუმცა ის მომდევნო, ფინალური სერიის მატჩშივე გააუმჯობესა, რაც რეალურად ძალიან იშვიათი და ღირებული შედეგია.

რუსთაველთაგან ბომბარდირი დათა ვაშაკიძე გახდა 32 ქულით, გიორგი გოგოლაძემ 9 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. ჰიუნდაიში 23 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი ჭირაქაძე. 16 ქულა თეიმურაზ ხუჭუას ანგარიშზეა.

საპასუხო შეხვედრა, რის შემდეგაც ჩემპიონი გამოვლინდება, 4 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 18:30 საათზე გაიმართება.