პატაშურის ოთხმაგი დუბლი | 16-წლამდელთა ჩემპიონატი საინტერესოდ დაიწყო

პატაშურის ოთხმაგი დუბლი | 16-წლამდელთა ჩემპიონატი საინტერესოდ დაიწყო

საქართველოში საკალათბურთო სეზონი ნელ-ნელა იტვირთება. სუპერლიგის შემდეგ სტარტი 22-წლამდელთა ჩემპიონატმა აიღო, რომელსაც მოჰყვა სხვადასხვა ასაკობრივი ჩემპიონატების “ა” ლიგები. ამჯერად საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებაზე ვთქვათ, რომელშიც 14 გუნდი მონაწილეობს. მას შემდეგ, რაც წლების მანძილზე 16-წლამდელთა “ა” ლიგის რეგულარული ჩემპიონატი  2 ჯგუფად ტარდებოდა, ეს ფორმატი შეიცვალა და ყველა მონაწილე ერთ ჯგუფშია თავმოყრილი. შესაბამისად, თითოეული გუნდი რეგულარულში 26 მატჩს ჩაატარებს – ყველა მეტოქეს ორჯერ, გასვლა/სახლის პრინციპით შეხვდება. 

რეგულარული ჩემპიონატის შედეგად 8 საუკეთესო პლეი ოფში გავა და ჩემპიონობისთვის გააგრძელებს ბრძოლას, ხოლო ბოლო ადგილზე გასული გუნდი უმაღლესს დატოვებს და B ლიგაში დაქვეითდება. ჩემპიონატს თბილისის “ვინგსი” ლიდერობს, რომელმაც ყველაზე მეტი – 3 მატჩი ჩაატარა და ყველა მოიგო. შემდეგ, 2-2 მოგებით, ასევე დაუმარცხებელი გუნდები – აკადემია, ჰიუნდაი და თბილისი ბასკეტი მოდიან. ჰიუნდაელებმა მეორე მატჩი 28 ოქტომბერს, თბილისი არენაზე, ფოთის ირაოსთან 102:46 (სტატისტიკა) მოიგეს, რომელშიც გამორჩეული შედეგი დააფიქსირა საბა პატაშურმა.

ჰიუნდაის 15 წლის მოთამაშემ კალათბურთში მეტად იშვიათი – ოთხმაგი დუბლი დააგროვა. მის ანგარიშზე 27 ქულა, 12 პასი, 12 ჩაჭრა და 10 მოხსნაა. ამასთან, სროლათა მაჩვენებელი მეტად შთამბეჭდავი იყო: 12-დან 9 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 6-დან 3 საჯარიმო. პატაშური მოედანზე მხოლოდ 25:24 წუთი იმყოფებოდა და თითო დაკარგვა და ჯარიმა ჰქონდა. მან ლომის წილი დაიდო ჰიუნდაელთა წინა  გამარჯვებაშიც, როცა ვატო თევზაძის და ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა აჭარის ნაკრებს 74:67 (სტატისტიკა) სძლია. იმ მატჩში პატაშურმა 22 ქულა, 12 მოხსნა, 7 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. 

2 მატჩში 2 მოგების მქონე აკადემიას კი ყაზახი აკმალხან აუბაკიროვი ლიდერობს, რომელიც მხოლოდ 14 წლისაა და უკვე 210 სანტიმეტრი სიმაღლისაა. აუბაკიროვმა აკადემიას მართვესთან და არმიასთან მოგებულ მატჩებში ულიდერა. პირველ შეხვედრაში 24 ქულა და 17 მოხსნა მოაგროვა, ხოლო მეორეში – 20 ქულა და 13 მოხსნა. 

დღეს ოვერტაიმმა 75:53 დაამარცხა ქუთაისი, ხოლო 31 ოქტომბერს კიდევ 3 მატჩი გაიმართება. ყველა ჩატარებული მატჩის სტატისტიკასა და მომავალი შეხვედრების განრიგს ჩვენი ვებ-გვერდის შესაბამის განყოფილებაში ნახავთ.