დასრულდა “ბ” ლიგის 16-წლამდელთ ჩემპიონატი, რომლის გამარჯვებულიც “ქუთაისი” გახდა. ირინა მელქაძის, აზა გაჩეჩილაძისა და ია გოგლიჩიძის გაწვრთნილმა ქუთათურებმა ტურნირი დაუმარცხებლად ჩაატარეს და დამსახურებული ჩემპიონები გახდნენ. შეგახსენებთ, რომ “ბ” ლიგების ასაკობრივ ჩემპიონატებს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ატარებს. მეხუთე წელია, ეს ორგანიზაცია 14, 16 და 18 წლამდელებში ატარებს პირველობებს იმ გუნდებისთვის, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ჩემიონატში ვერ გადიან.
ფინალურ მატჩში იმერულ კლუბს კახური “თელავი” დაუპირისპირდა. ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი მატჩის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ჩემპიონები ქუთაისელები გახდებოდნენ. იმერლებმა ფინალის პირველი შეხვედრა 80:51 მოიგეს და მეორე მატჩში 28 ქულაზე მეტით წაგება არ მართებდათ, თუმცა 26 ივნისს, ოლიმპიურ სასახლეში გამართული მატჩი ისევ ქუთათურებმა მოიგეს (56:47) და საჩემპიონო თსს დაეპატრონნენ.
მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე ორივე პრიზიორი გუნდის წევრები თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის გამგეობის წევრებმა – მამუკა ლომიძემ და გიგა ჩაჩანიძემ დააჯილდოვეს. მაყურებელთ სიმპათიის პრიზი თელაველმა ზაზა ზაქარიაძემ დაიმსახურა, რომელიც მას გიგა ჩაჩანიძემ გადასცა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა ქუთაისელი მერაბ შენგელია, რომელიც პრიზით მამუკა ლომიძემ დააჯილდოვა.
ქუთაისელთა გუნდის კაპიტან საბა ბაღდავაძეს საჩემპიონო თასი მამუკა ლომიძემ გადასცა, რომელიც იმერული კლუბის წევრებმა სიხარულითა და ოვაციებით აღნიშნეს. საჩემპიონო მატჩამდე 1 დღით ადრე გაიმართა მატჩი მე-3 ადგილისთის, რომელიც ძალიან დაძაბული აღმოჩნდა. ერთმანეთს “კარდინალი” და ამბროლაურის “რაჭა” შეხვდნენ. მატჩის ბედი დამატებით დროში გადაწყდა. რაჭველებს ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ადრე გუნდის ლიდერი – მატჩში 22 ქულის მიმთვლელი გიგი ბერუჩაშვილი პერსონალურების ლიმიტის გამო გაუვარდათ. ბაჩი ალიბეგაშვილის ლიდერობით “კარდინალმა” შეხვედრა ჯერ ოვერტაიმში გადაიყვანა (ბოლო წუთზე 5 ქულას აგებდა და გაათანაბრა), შემდეგ კი, დამატებით ხუთწუთეულში დამარჯვებამდეც მივიდა – 77:72.
მე-3 ქდგილის მფლობელი კარდინალელები თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა – ვლადიმერ ძიძიგურმა და გამგეობის წევრმა – სერგო შამანაურმა დააჯილდოვეს.