რუსთაველები “ორბს” გადააფრინდნენ

რუსთაველები “ორბს” გადააფრინდნენ

დღევანდელი მატჩებიდან „ორბი”–„რუსთავი“ იპყრობდა ყურადღებას. ეს გუნდები ცხრილში გვერდიგვერდ არიან და რაც შეიძლება
მაღალი ადგილის დაკავება სურთ, პლეი ოფში შედარებით სუსტი მეტოქე რომ ერგოთ

ამ გუნდების პირველი წრის მატჩი რუსთავში გაიმართა და გამარჯვებულის
გამოვლენას დამატებითი დრო დასჭირდა. ის შეხვედრა „ორბმა“ მოიგო და დღევანდელ
მატჩშიც უპირატესობა თბილისელებს ჰქონდათ, თუმცა ზვიად დიდბარიძის გუნდს რამდენიმე
წამყვანი მოთამაშე აკლდა და ქვემოქართლელებთან ვერაფერი გააწყო. რუსთაველებს
ულიდერა ბექა ზედელაშვილმა, რომელმაც 25 ქულა და 23 მოხსნა მიითვალა და
თავისიანებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა.

ახლა სამ გუნდს – „ვერეს“, „ორბს“ და „რუსთავს“ თანაბარი ქულები აქვთ
და 2–4 ადგილებს იყოფენ. სამივე გუნდს თითო მატჩი აქვს დარჩენილი და ყველა მათგანი
აუტსაიდერს ხვდება: „ორბი“ – „თელავს“, „ვერე“ – „მარნეულს“, ხოლო „რუსთავი“ – „ვარსკვლავებს“.
ეჭვი არაა, რომ სამივე ფავორიტი გამარჯვებას მოიპოვებს და ამ შემთხვევაში ადგილები
პირად მატჩებში ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით განაწილდება.

სამივე ამ გუნდს – ვერეს, რუსთავს და ორბს – თითო მატჩი აქვთ
ერთმანეთთან მოგებული. ხოლო ბურთების შეფარდება უკეთესი „ვერეს“ აქვს. მერე
რუსთაველები მოდიან, ხოლო ურთიერთშეხვედრებში უარესი შედეგი „ორბს“ გაჩნია. ასე
რომ, თუკი ბოლო, 11 აპრილს გასამართ ტურში სამივე მათგანი გაიმარჯვებს, რაც
მოსალოდნელიცაა, მეორე ადგილზე „ვერე“ გავა, მესამეზე „რუსთავი“ და პლეი ოფში
გამსვლელ ბოლო, მეოთხე ადგილს პირველ ჯგუფში „ორბი“ დაიკავებს.

დღესვე გამართულ 2 მატჩში მოსალოდნელი შედეგი დაფიქსირდა: მეორე
ჯგუფის ლიდერმა „ქუთაისმა“ მეორე შემადგენლობით შანსი არ დაუტოვა „დინამოს“, ხოლო ტურნირის
ერთადერთმა წაუგებელმა გუნდმა „აკადემიამ“ მარნეულელები 84:27 გაანადგურა. ამით „აკადემიამ“
დაასრულა რეგულარული ჩემპიონატი და პირველობა გაინაღდა. პლეი ოფში ამ გუნდს
ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობა ექნება.