რუსთავმა შსს-ს სერია გაუთანაბრა

რუსთავმა შსს-ს სერია გაუთანაბრა

ძალიან დაძაბულ
და საინტერესო ბრძოლაში რუსთაველებმა „შსს-აკადემია“ დაამარცხეს და ნახევარფინალურ
სერიაში ანგარიში გაათანაბრეს. 

მატჩის ბოლო წუთები დრამატულად წარიმართა. მასპინძლებმა
ლიდერობა დიდი მონდომების ხარჯზე შეინარჩუნეს და 63:61 გაიმარჯვეს. სერიაში ანგარიში
გათანაბრდა და ფინალში ის გუნდი გავა, რომელიც მე-3, გადამწყვეტ შეხვედრაში გაიმარჯვებს.

რუსთაველებმა
პირველი მეოთხედი 16:9 მოიგეს, მეორეში კი ლიდერობა კიდევ უფრო გაზარდეს და დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი
უპირატესობით გავიდნენ – 39:28.

მესამე პერიოდის
ახალდაწყებულზე მასპინძელთა ლიდერობამ 15 ქულას მიაღწია – 43:28, რაც ძირითადად გიგი
გოგობერიშვილის და ილია წიქარიშვილის დამსახურება იყო. ეს უკანასკნელი სამაგალითოდ
იბრძოდა, გოგობერიშვილმა კი მაშინ ჩააგდო ბურთები, როცა აკადემიელებმა ჩამორჩენა 7
ქულამდე შეამცირეს. გადამწყვეტი მეოთხედის დაწყებამდე მასპინძლები 53:40 იგებდნენ.

ბოლო ათწუთეულში
აკადემიელებმა პრესინგს მიმართეს, რამაც  შედეგი
გამოიღო – მასპინძლებმა ბურთის დაკარგვას უხშირეს, ხოლო ლევან გოგალაძის, ვილი ისიანის
და თენგო სხირტლაძის „შსს-აკადემიამ“ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა – 53:55. თამაშის
დასრულებამდე მთელი 6 წუთი იყო, რუსთაველებს კი ბურთის ჩაგდება უჭირდათ – გოგობერიშვილმა
ზედიზედ 3 სამქულიანი ააცილა, თუმცა მასპინძლებმა ნავსი მაინც გატეხეს: გიორგი ტურძელაძის
და წიქარიშვილის 2-ქულიანებით, რასაც გოგობერიშვილმა 1 ზუსტი საჯარიმო მოაყოლა, „რუსთავი“
სირენამდე 21 წამით ადრე 62:57 დაწინაურდა.

თითქოს ყველაფერი
გაირკვა, მაგრამ მატჩის ბომბარდირმა გოგალაძემ 
სამქულიანი მეტოქის ჯარიმის თანხლებით ჩააგდო, დამატებითი ტყორცნაც წარმატებით
შეასრულა და მატჩის დასრულებამდე 16 წამით ადრე აკადემიელთა ჩამორჩენა მინიმუმამდე
შემცირდა – 61:62. სტუმრებმა ტაქტიკური ჯარიმა ბონდო ცაგურიაზე აიღეს, რომელმაც 1 საჯარიმო
ჩააგდო და „შსს-აკადემიას“ 2-ქულიანი დეფიციტის აღმოსაფხვრელად 14 წამი დარჩა. ლევან
გოგოალაძე ფარქვეშ შეიჭრა, მაგრამ მას ტურძელაძემ დაუფარა, ხოლო პირით ხაზს მიღმიდან
შემოტანილი ბურთი აკადემიელებმა კვლავ ააცილეს და თამაში რუსთაველთა სასარგებლოდ დასრულდა.

გამარჯვებულთაგან
24 ქულით საუკეთესო გიგი გოგობერიშვილი გახლდათ, 11 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა ილია
წიქარიშვილმა, ხოლო გიორგი ტურძელაძემ შეხვედრა 10 ქულით დაასრულა. აკადემიელთაგან
31 ქულით ბომბარდირი ლევან გოგოალაძე გახდა, ხოლო ვილი ისიანმა 15 ქულა და ამდენივე
მოხსნა მიითვალა.

ამ გუნდებს შორის
ნახევარფინალური სერიის მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა  14 მაისს სპორტის სასახლეში 14:00 საათზე გაიმართება.
რუსთავი – შსს აკადემია  63:61