საქართველოს U16 ნაკრებმა სომხეთის U18 ნაკრები ორჯერ დაამარცხა

საქართველოს U16 ნაკრებმა სომხეთის U18 ნაკრები ორჯერ დაამარცხა

საქართელოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ ემზადება. მზადების პროცესში ჩვენმა 16-წლამდელებმა 2 საკონტროლო მატჩი გამართეს სომხეთის 18-წლამდელთა ნაკრებთან. მიუხედავად ასაკში სხვაობისა, ხორვატი სპეციალისტის, ტიჰომირ ბუჯანის გაწვრთნილმა ქართველებმა ორივე შეხვედრა მოიგეს. 

მატჩები თბილისში, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ჩატარდა. პირველი შეხვედრა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა დამაჯერებლად – 77:31 (სტატისტიკა) მოიგო. 18 ქულით გამარჯვებულთაგან ელგუჯა ხვედელიძე გამოირჩა. ორმაგი დუბლი – 11 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა ლუკა ავალიანმა. 

მეორე შეხვედრა შედარებით დაძაბული გამოდგა. ქართველებმა ამჯერად 5 ქულით – 78:73 (სტატისტიკა) იმარჯვეს. 19 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკა ლიკლიკაძე, რომელსაც ასევე 7 პასი და 6 მოხსნაც ჰქონდა. 14 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა ლაშა მესხმა, ხოლო 11 ქულა და 12 მოხსნა ელგუჯა ხვედელიძის ანგარიშზე დაგროვდა.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მოუწევს. ტურნირი 8-დან 17 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. B დივიზიონში მთლიანობაში 24 ქვეყნის ნაკრები იასპარეზებს. საქართველო B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ირლანდია, ჰოლანდია, კვიპროსი, პორტუგალია და ჩეხეთი ეყოლება. ჯგუფიდან 2 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა და გააგრძელებს ტურნირის საუკეთესო სამეულში მოსახვედრად ბრძოლას, რომელთაც A დივიზიონის საგზურები ერგებათ.