ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში საასპარეზოდ გაემგზავრა მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილი “საქართველო 2004”. ეს გახლავთ 16-წლამდელთა ჩემპიონატში მოასპარეზე პერსპექტიული მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს.
ევროპის 16-წლამდელთა ლიგის პირველ წრეს ლიეტუვის დედაქალაქი ვილნიუსი მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც ტურაშვილის გაწვრთნილ გუნდს 5 მატჩი აქვს დაგეგმილი. 22 ნოემბერს ქართველებმა 2 შეხვედრა გამართეს, დღეს კი ერთი შეხვედრა უკვე მოილიეს და ყველაში გამარჯვებას მიაღწიეს.
“საქართველო 2004”-ის პირველი მეტოქე ესტონური “აუდენტესი” გახლდათ, რომელსაც ქართველებმა 63:55 (სტატისტიკა) მოუგეს. 16 ქულითა და 11 მოხსნით ჩვენს გუნდში კოკა კაკულია გამოირჩა, 10 ქულა დააგროვა გიორგი სულაბერიძემ. შემდეგ მატჩში ტურაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ესტონური ტტუ 74:46 (სტატისტიკა) დაამარცხა. ამჯერად 14 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო იყო ლუკა კუჭუხიძე. 13 ქულა ლევან ძინძიბაძის ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო გიორგი ოჩხიკიძემ, ლევან ტურაშვილმა და გიორგი სულაბერიძემ 10-10 ქულა მიითვალეს.
დღეს ქართველები ლატვიურ “ბკ რიგას” შეხვდნენ და 13 ქულის სხვაობით – 59:46 (სტატისტიკა) დაამარცხეს. 13 ქულით ბომბარდირი გიორგი ოჩხიკიძე გახდა, ანდრია ცერცვაძემ კი 5 ქულა, 4 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიითვალა.
დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება “საქართველოს 2004”-ისა და ლატვიური “ლაიონსის” მატჩი, ხოლო პირველი წრის ბოლო მატჩს ტურაშვილის გუნდი ხვალ, 24 ნოემბერს, 14:00 საათზე გამართავს და სამშობლოში დაბრუნდება.
საქართველო 2004 ვილნიუსში ამ შემადგენლობით გაემგზავრა:
გიორგი ოჩხიკიძე, ლუკა ლურსმანაშვილი, გიორგი მაილოვი, მიხეილ დაბრუნდაშვილი, ალეკო ვახტანგაძე, ანდრია ცერცვაძე, ლევან ძინძიბაძე, ლევან ტურაშვილი, კოკა კაკულია, საბა მიქავა, გიორგი სულაბერიძე, ლუკა კუჭუხიძე