საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ხორვატია 90:81 (სტატისტიკა) დაამარცხა და A დივიზიონში დასარჩენად ბოლო მატჩის მოგება სჭირდება. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 16 ნაკრები მონაწილეობს, რომელთაგან 4 შემორჩა ისეთი, კონტინენტის ჩემპიონობისთვის რომ იბრძვის, 2-მა უარესი შედეგის მქონე გუნდმა – ბულგარეთმა და ხორვატიამ – A დივიზიონი უკვე დატოვა და დარჩა 1 გუნდის გამოვლენა, რომელიც B დივიზიონში დაქვეითდება და რომელიც საქართველო-პოლონეთის მატჩში დამარცხებული იქნება.
საქართველო ხვალ პოლონეთს მე-13-ე ადგილისთვის ხვდება და გამარჯვებული A დივიზიონში დარჩება, ხოლო წაგებული, მე-15 და მე-16 ადგილებზე გასულ ბულგარეთსა და ხორვატიასთან ერთად B დივიზიონში დაქვეითდება. ფინეთთან დასანანი მარცხის შემდეგ ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ძალები მოიკრიბა და უაღრესად პრინციპულ მატჩში ხორვატია დაამარცხა. თან ისე, რომ პირველი პერიოდის შემდეგ 9 ქულით აგებდა.
ხორვატიამ შარშან B დივიზიონი მოიგო, წელს კი ელიტაში თამაში ვერ მოიგო და დღეს, საქართველოსთან მარცხის შემდეგ კვლავ B-ში დაბრუნდა. საქართველოს მიმდინარე ტურნირში პოლონეთი უკვე დამარცხებული ჰყავს. ეს გუნდები ჯგუფში ერთად იყვნენ და საქართველომ 67:62 სძლია პოლონეთს. ამ გუნდების მე-2 მატჩი ბევრად მნიშვნელოვანია – სასწორზე A დივიზიონის საგზური დევს.
ხორვატიასთან მატჩის ყველაზე შედეგიანო მოთამაშე მათე ყავლაშვილია, რომელმაც 6 სამქულიანი ჩააგდო, შეხვედრა კი 28 ქულით დაასრულა. პირველი პერიოდის 9 ქულით წაგების შემდეგ ქართველებმა მეორე სწორედ ამ სხვაობით მოიგეს და დიდ შესვენებაზე ფრე დაფიქსირდა. მესამე ათწუთეული თანაბარი გამოდგა, რომელიც საქართველომ ქულით მოიგო და გადამწყვეტ პერიოდს მინიმალური ლიდერობით შეხვდა.
ყველაფერი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომლის საწყის წუთებში საბა ჟღენტმა 2 უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო და საქართველო დამაჯერებლად გაალიდერა – 70:62. ჟღენტმა შედეგიანი თამაში განაგრძო და ყავლაშვილისა და ილია სულაძის ზუსტი სროლების შემდეგ ზედიზედ კიდევ 4 ქულა მოაგროვა და საქართველო თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 10 ქულით – 76:66 იგებდა.
დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა ლიდერობა იოლად შეინარჩუნა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. გამარჯვებულთაგან 28 ქულითა და 4 პასით საუკეთესო იყო მათე ყავლაშვილი. 14 ქულა და 7 მოხსნა ილია სულაძემ მიითვალა, საბა ჟღენტმა 14 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა, მათე ხატიაშვილის ანგარიშზე კი 13 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა დაგროვდა.
პოლონეთმა დღეს 87:66 დაამარცხა ბულგარეთი. საქართველოსა და პოლონეთის ყოფნა-არყოფნის მატჩი 17 აგვისტოს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.