კიევში მყოფმა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინის ნაკრები დაამარცხა. გია კაზანჯიანისა და გელა წულაძის გაწვრთნილმა გუნდმა სლავებთან პირველი სპარინგ-მატჩი გუში, დაძაბულ ბრძოლაში წააგო, დღეს კი მეორე შეხვედრა გამართა და ასევე დაძაბულ დაპირისპირებაში – 75:69 იმარჯვა.
ქართველი 16-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის ელიტარული – A დივიზიონისთვის ემზადებიან და მოსამზადებელი მატჩების ჩასატარებლად ჯერ ლატვიაში იმხოფებოდნენ, ახლა უკრაინაში არიან, ხვალ კი ბელარუსში გადაინაცვლებენ.
დღევანდელ შეხვედრაში ქართველებმა პირველი პერიოდი 23:11 მოიგეს, თუმცა მასპინძლებმა მომდევნო ათწუთეულები შესაბამისად 17:14 და 20:13 იმარჯვეს და ბოლო მეოთხედის წინ ჩვენს გუნდს 2-ქულიანი ლიდერობა შერჩა. მასპინძლები გუშინდელი წარმატების გამეორებას ეცადნენ, როცა ბოლო წუთებზე 5-6 ქულით ჩამორჩენილებმა გამარჯვების მოპოვება მოახერხეს, თუმცა ქართველების გამართულმა თამაშმა უკრაინელებს ამის საშუალება არ მისცა.
საქართველომ საბოლოოდ 75:69 იმარჯვა, რაშიც ლომის წილი ზურა ვაშაკიძემ დაიდო. რუსთაველი მსროლელის ანგარიზე 18 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. ორმაგი დუბლი გაიფორმა ირაკლი კილაძემ – 11 ქულა, 10 მოხსნა. რომა ჭინჭარაულის ანგარიშზე კი 13 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.
უკრაინა – საქართველო
სტატისტიკა: 69:75
საქართველოს ნაკრები უკვე გაემგზავრა ბელარუსში, სადაც ასევე 2 საკონტროლო მატჩს გამართავს. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონი სერბეთის ქალაქ ნოვი სადში – 10-დან 18 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, სადაც კონტინენტის საუკეთესო 16 ნაკრები მოიყრის თავს. საქართველო ჯგუფში საფრანგეთთან, ესტონეთთან და იტალიასთან მოხვდა. ჯგუფის მონაწილეები ერთმანეთში 1 წრეს ითამაშებენ და მეოთხედფინალში გადაინაცვლებენ, სადაც ჯგუფში დაკავებული ადგილების შესაბამისად (ჯვარედინად) დაწყვილდებიან სხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან. ტურნირის ბოლო 3 ადგილებზე გასული გუნდები B დივიზიონში დაქვეითდებიან. საქართველოს ნაკრების მიზანი A დივიზიონში ადგილის შენარჩუნება იქნება.