საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის ფინალშია

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის ფინალშია

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის სუპერფინალის მოგების ზღვარზეა. ირაკლი ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა ვილნიუსში მიმდინარე ტურნირზე ჯგუფის დარჩენილი 2 შეხვედრაც მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ ლიეტუვური “კლაიპედა” ეყოლება.

ქართველებმა სუპერფინალური ტურნირის პირველ დღეს ლიეტუვური “ვილნიუს KM-2005” და ბულგარული “ბუბა ბასკეტი” დაამარცხეს. დღეს კი ჯერ “ვილნიუს KM”-ს, შემდეგ კი ლატვიურ “ლიეპაიას” სძლიეს. პირველ შეხვედრაში ჩერქეზიშვილი-ჯაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში – 74:66 (სტატისტიკა) აჯობა. ჩვენებს გოგიტა ბუკიამ 31 ქულით ულიდერა. 12 ქულა ლუკა მუჯირიშვილმა მიითვალა. 

დღის მეორე შეხვედრა კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა. საქართველოს ნაკრები ლიდერის – გოგიტა ბუკიას გარეშე თამაშობდა და საბოლოოდ დაძაბულ ბრძოლაში მაინც იმარჯვა – 57:54 (სტატისტიკა). ბუკიას უთამაშებლობის მიზეზი წინა მატჩში მიღებული დაზიანება იყო. მას ლიეტუვურ გუნდთან მატჩში მეტოქის იდაყვი ცხვირში მოხვდა.

“გოგიტა ბუკიამ ცხვირში ძლიერი დარტყმა მიიღო, თამაში დატოვა და ის კლინიკაში, გამოკვლევაზე წავიყვანეთ – გვაცნობა ვილნიუსიდან ჩვენი ნაკრების ექიმმა თორნიკე გოგიჩაიშვილმა – საბედნიეროდ, მოტეხილობას გადარჩა, თუმცა ჰემატომის გამო ჯგუფის ბოლო თამაშში მისი დასვენება გადავწყვიტეთ. რისკზე წასვლას ჯობდა გოგიტას დაესვენა და ფინალისთვის მზად ყოფილიყო. ის ხვალ, ფინალურ მატჩში მოედანზე იქნება”.

ბუკიას არყოფნაში ჩვენს ნაკრებს ალექსანდრე აბულაძემ ულიდერა, რომელმაც “ლიეპაიას” 19 ქულა ჩაუგდო. 12 ქულა დააგროვა ლუკა მუჯირიშვილმა. ფინალური მატჩი 15 მაისს, თბილისის დროით 13:30 საათზე გაიმართება.