საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის ვიცე-ჩემპიონია. ირაკლი ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ჩატარებული ტურნირის ფინალში ადგილობრივ კლუბ “კნასიაუს კლაიპედასთან” დამარცხდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო წუთებზე, ლიეტუველთა სასარგებლოდ გადაწყდა – 90:83 (სტატისტიკა).
პირველი პერიოდი ფრედ – 17:17 დამთავრდა, ხოლო მეორეში ჩვენებმა იმარჯვეს და დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი ლიდეროვბით გავიდნენ – 45:41. მესამე პერიოდიდან კლაიპედელთა უპირატესობა გამოიკვეთა და მასპინძელბმა ჯერ ჩამორჩენა აღმოფხვრეს, შემდეგ კი დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდში ქართველებმა თამაში ვეღარ გამოასწორეს და დამარცხდნენ.
ფინალური მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. ჩვენი ნაკრების წევრი, გოგიტა ბუკია სუპერფინალის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს. ფინალურ მატჩში ბუკიამ 28 ქულა ჩააგდო, მასზე მეტი კი ნიკოლოზ აბულაძის ანგარიშზეა – 35. ამათ გარდა კლაიპედელებთან მატჩში კიდევ სამმა კალათბურთელმა მოაგროვა ქულები: ლუკა მუჯირიშვილი – 9, ალექსანდრე დაუშვილი – 6 და ვაჟა კეჭაყმაძე – 5.