საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები რუმინეთში, ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები რუმინეთში, ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები რუმინეთში გაემგზავრა, სადაც ქალაქ პიტეშტში მონაწილეობას მიიღებს ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში. ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილი გუნდი A ჯგუფშია, სადაც მეტოქეებად ისლანდია, ბოსნია, ავსტრია და მასპინძელი რუმინეთი ჰყავს.

ტურნირში მთლიანობაში 21 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს და იბრძვის A დივიზიონის 3 საგზურსთვის. ფინალისტები და მე-3 ადგილის მფლობელი ნაკრებები მომავალ, 2024 წელს ელიტარულ, A დივიზიონში იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპს 5 აგვისტოს, ბოსნიასთან მატჩით იწყებს, 6-ში რუმინეთს ეთამაშება, 8-ში – ავსტრიას და ბოლო შეხვედრას ისლანდიასთან, 9 აგვისტოს ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპი ესტონეთსა და ლატვიაში გაიარა, სადაც 5 ამხანაგური მატჩი გამართა. წარმოგიდგენთ ჩვენი ნაკრების საბოლოო, 12-კაციან შემადგენლობას და თამაშების განრიგს.