საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიის უნივერსიტეტის U18 გუნდი 71:70 დაამარცხა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიის უნივერსიტეტის U18 გუნდი 71:70 დაამარცხა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიური შეკრება დაასრულა. გია კაზანჯიანისა და გელა წულაძის გაწვრთნილი გუნდი რიგაში 1 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც აქტიურად ვარჯიშობდა და თან 2 საკონტროლო მატჩიც გამართა. 

პირველი შეხვედრის შესახებ 2 დღის წინ გამცნეთ. ქართველებმა 2 წლით უფროსი ასაკის – ლატვიის უნივერსიტეტის გუნდთან 64:88 წააგეს. დღეს კი ამ გუნდს ხელმეორედ შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 71:70 სძლიეს. 

საქართველოს ნაკრები ხვალ კიევში გადაინაცვლებს და უკრაინის ნაკრებთან 30-31 ივლისს 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. 2 მოსამზადებელი მატჩია დაგეგმილი 1 და 3 აგვისტოს მინსკშიც, ბელარუსის 16-წლამდელთა ნაკრებთან, რითაც ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპს დაასრულებს და თბილისში დაბრუნდება. 

ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონი სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გაიმართება, სადაც კონტინენტის საუკეთესო 16 ნაკრები მოიყრის თავს. საქართველო ჯგუფში საფრანგეთთან, ესტონეთთან და იტალიასთან მოხვდა. ჯგუფის მონაწილეები ერთმანეთში 1 წრეს ითამაშებენ და მეოთხედფინალში გადაინაცვლებენ, სადაც ჯგუფში დაკავებული ადგილების შესაბამისად (ჯვარედინად) დაწყვილდებიან სხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან. ტურნირის ბოლო 3 ადგილებზე გასული გუნდები B დივიზიონში დაქვეითდებიან. საქართველოს ნაკრების მიზანი A დივიზიონში ადგილის შენარჩუნება იქნება.

 საქართველო – ლატვიის უნივერსიტეტი 71:70

16:10, 19:20, 14:20, 22:20

საქართველო – სასტარტო ხუთეული: კაპანაძე (25წ, 8ქ, 4პ, 3მ, 2ჩ), ბიგანაშვილი (22წ, 8ქ, 3მ), გაფრინდაშვილი (26წ, 8ქ, 2ჩ), თავაქარაშვილი (20წ, 5ქ, 7მ, 2ჩ), ჭინჭარაული (19წ, 8ქ, 9მ); ტიმოშენკო (9წ, 3ქ), აბულაძე (13წ, 2ქ, 3პ), კიშკო (12წ, 4ქ, 3მ), კილაძე (21წ, 16ქ, 7მ), გოგაძე (არ უთამაშია), ვაშაკიძე (11წ, 5ქ), გოგბერაშვილი (2წ), შარვაშიძე (17წ, 4ქ, 5მ), ცხვედიანი (4წ)

შენიშვნა: წ – წუთი, ქ  ქულა, მ – მოხსნა, პ – პასი, ჩ – ჩაჭრა