საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მინსკში ბელარუსი 12 ქულით დაამარცხა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მინსკში ბელარუსი 12 ქულით დაამარცხა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მორიგი გამარჯვება ამხანაგურ მატჩში. გია კაზანჯიანისა და გელა წულაძის გაწვრთნილმა გუნდმა მინსკში, ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში 87:75 იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ 16-წლამდელთა ნაკრები საქართველოს ასაკობრივ ნაკრებთა შორის ერთადერთია, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ელიტარულ, “ა” დივიზიონშია. მნიშვნელოვანი ტურნირი 10 აგვისტოს იწყება, რისთვისაც ჩვენი გუნდი თვეზე მეტია, ემზადება. ქართველები მინსკში კიევიდან ჩავიდნენ, სადაც უკრაინის ნაკრებთან სპარინგ მატჩები გამართეს და მეტოქესთან მოგებები გაიყვეს.

მინსკში დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველ შეხვედრაში ქართველებმა ბელარუსები 12 ქულით დაამარცხეს. ქართველებმა დამაჯერებლად ჩაატარეს მატჩის პირველი და მეორე პერიოდები, რის შემდეგაც 20 ქულით გალიდერდნენ. მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებისმწვრთნელებმა უფრო სხვა სათამაშო კომპონენტებზე გააკეთეს აქცენტები, საბოლოოდ კი ჩვენმა გუნდმა 87:75 იმარჯვა.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო ვლადიმერ თავაქარაშვილი, რომელმაც 33 წუთში 17 ქულა, 8 მოხსნა, 5 ჩაჭრა, 3 პასი და 3 დაფარება მიითვალა. მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი ირაკლი კილაძის ანგარიზეა – 17 ქულა, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 2 პასი. 14 ქულა მოაგროვა ნიკოლოზ გაფრინდაშვილიმა, ხოლო 11-11 – რომან ჭინჭარაულმა და ზურა ვაშაკიძემ.

საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებები მორიგ ამხანაგურ მატჩს 3 აგვისტოს გამართავენ, რის შემდეგაც ქართველები თბილისში დაბრუნდებიან და ევროპის ჩემპიონატისთვის დასკვნით ეტაპს საქართველოში გაივლიან.

ბელარუსი – საქართველო
სტატისტიკა: 75:87

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონი სერბეთის ქალაქ ნოვი სადში – 10-დან 18 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, სადაც კონტინენტის საუკეთესო 16 ნაკრები მოიყრის თავს. საქართველო ჯგუფში საფრანგეთთან, ესტონეთთან და იტალიასთან მოხვდა. ჯგუფის მონაწილეები ერთმანეთში 1 წრეს ითამაშებენ და მეოთხედფინალში გადაინაცვლებენ, სადაც ჯგუფში დაკავებული ადგილების შესაბამისად (ჯვარედინად) დაწყვილდებიან სხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან. ტურნირის ბოლო 3 ადგილებზე გასული გუნდები B დივიზიონში დაქვეითდებიან. საქართველოს ნაკრების მიზანი A დივიზიონში ადგილის შენარჩუნება იქნება.