ხვალ, გამთენიისას, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, მონტენეგროში მიემგზავრება, სადაც კონტინენტის 24 ქვეყნის გუნდი B დივიზიონიდან ეცდება საუკეთესო სამეულში მოხვედრას და ამ გზით ელიტარულ – A დივიზიონში ანაცვლებას. ჩვენს ნაკრებს დიმიტრი ჯაკობოვი და დავით როგავა წვრთნიან, რომლებმაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის დახმარებით გუნდს სრულფასოვანი მოსამზადებელი პერიოდი გაატარეს.
16-წლამდელთა ნაკრები იმყოფებოდა უკრაინაში, ლატვიასა და ბელარუსში, სადაც ჯამში 6 საკონტროლო მატჩი გამართა. ამასთან ერთად, ჩვენმა ნაკრებმა თბილისში სომხეთის ასაკით დიდი, 18-წლამდელთა ნაკრები მიიღო და ორჯერ დაამარცხა. ჯაკობოვის გუნდს მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცეში დიდი გამოცდა ელის. ჩვენი ნაკრები B ჯგუფში მოხვდა კვიპროსთან, ჩეხეთთან, ირლანდიასთან, პორტუგალიასთან და ჰოლანდიასთან. ჯგუფიდან 2 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა და ბრძოლას სამეულში მოსახვედრად განაგრძობს.
მონტენეგროში გამგზავრებამდე საქართველოს ნაკრებმა ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ვარჯიში ჩაატარა, რომელსაც მასმედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.