რამდენიმე დღის წინ ესპანეთის ქალაქ სან სებასტიანში საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და კომპანია „სასკი ბასკონიას“ შორის საქართველოს ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული დოკუმენტი ესპანურ მხარესთან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მონაწილეობითა და მხარდაჭერით დაიდო.
ხელშეკრულებას ხელი „სასკი ბასკონიას“ პრეზიდენტმა ხოსე ანტონიო კერეხეტამ და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ მოაწერეს. კომპანია „სასკი ბასკონია“ ესპანეთის პრიმერადივიზიონსა და ევროლიგაში მოასპარეზე კლუბ „ლაბორალ კუტხასა“ და ბავშვთა სკოლების მეპატრონეა. ხელშეკრულება მრავალმხრივია და ის 5 წლის ვადით გაფორმდა. იგი იმ 5-წლიანი პროგრამის პარალელურად განხორციელდება, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარდგინებითა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შუამდგომლობით საქართველოს მთავრობა მიიღებს.
აღნიშნული ესპანური კლუბის ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი თორნიკე შენგელია იცავს. საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება შენგელიას ფაქტორმა მნიშვნელოვნად განაპირობა. აღნიშნული პროექტის განხორციელებით როგორც ქართველი კალათბურთელების, ისე მწვრთნელებისა და კალათბურთის სფეროში დასაქმებული ადამიანების პროფესიონალიზმი მნიშვნელოვნად აიწევს.
ხელშეკრულების თანახმად, საქართველოში „ლაბორალ კუტხას“ მწვრთნელები ჩამოვლენ, რომლებიც 14-17 წლების ასაკის დაახლოებით 500-ამდე მოზარდს ყოველწლიურად სპეციალურ საწვრთნელ კემპებს ჩაუტარებენ. ესპანელი მწვრთნელებისა და მათივე ფსიქოლოგის მიერ შეირჩევა 20 საუკეთესო ბავშვი, რომლებიც მივლინებით ბასკეთში გაემგზავრებიან და წვრთნებს ესპანური კლუბის ბაზაზე გაივლიან.
აღნიშნულ პროგრამას „სასკი ბასკონია“ მხოლოდ საქართველოსთან არ ახორციელებს. ქართველებთან ერთად სან სებასტიანში მსოფლიოს 14 ქვეყნის საუკეთესო მოზარდები მოიყრიან თავს, თუმცა აღსანიშნავია, რომ „ქართული დესანტი“ (20 კალათბურთელი) „ლაბორალ კუტხაში“ ყველაზე მრავალრიცხოვანი იქნება. წარმატების შემთხვევაში საუკეთესო მოზარდებს კლუბი დაიტოვებს და წვრთნასთან ერთად მათ ესპანეთში სწავლას და ყველა საჭირო პირობებს უზრუნველყოფს.
ახალგაზრდა კალათბურთელებთან ერთად ყოველწლიურად განხორციელდება ესპანეთში 2-3 ქართველი მწვრთნელის 6 თვით მივლინება. პერსპექტიული ქართველი მწვრთნელები ბასკეთში გაივლიან როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს. ყველა იმ კომპონენტში მოემზადებიან, რაც აუცილებელია თანამედროვე, მაღალკვალიფიციური მწვრთნელისთვის.
ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოში ბასკეთიდან ჩამოვლენ შესაბამისი სპეციალისტები და ქართული კლუბების ხელმძღვანელებისთვის ჩაატარებენ სემინარებს სპორტულ მენეჯმენტში, რაც მათ საკლუბო სტრუქტურის დახვეწაში, ორგანიზების გაუმჯობესებასა და სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხების დახვეწაში დაეხმარებათ.