საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრები თურქეთში, წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირზე საასპარეზოდ გაემგზავრა. საქართველოს ასაკობრივ ნაკრებთა შორის მხოლოდ 16-წლამდელები გამოდიან ევროპის ჩემპიონატის ელიტარულ – A დივიზიონში და აღნიშნული ტურნირისთვის გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ნაკრებმა მზადება კარგა ხნით ადრე დაიწყო.
საქართველოსა და თურქეთის გარდა სტამბოლში თავს მოიყრიან საბერძნეთისა და ესტონეთის ნაკრებები. ტურნირი 3 დღის მანძილზე, 13-დან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
13 ივლისი
თურქეთი – ესტონეთი 19:00
საქართველო – საბერძნეთი 21:00
14 ივლისი
საქართველო – თურქეთი 19:00
საბერძნეთი – ესტონეთი 21:00
15 ივლისი
თურქეთი – საბერძნეთი 19:00
ესტონეთი – საქართველო 21:00
*მითითებულია თბილისის დროები
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები თურქეთიდან 16 ივლისს დაბრუნდება და 23-ში გეზს ლატვიისკენ აიღებს, სადაც ამ ქვეყნის ნაკრებთან 3 საკონტროლო მატჩს გამართავს. ლატვიიდან კაზანჯიანის გუნდი კიევში გადაინაცვლებს და უკრაინის ნაკრებთან 30-31 ივლისს 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. 2 მოსამზადებელი მატჩია დაგეგმილი 1 და 3 აგვისტოს მინსკშიც, ბელარუსის 16-წლამდელთა ნაკრებთან, რითაც ჩვენი გუნდი დაასრულებს მოსამზადებელ ეტაპს.
ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონი სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გაიმართება, სადაც კონტინენტის საუკეთესო 16 ნაკრები მოიყრის თავს. საქართველო ჯგუფში საფრანგეთთან, ესტონეთთან და იტალიასთან მოხვდა. ჯგუფის მონაწილეები ერთმანეთში 1 წრეს ითამაშებენ და მეოთხედფინალში გადაინაცვლებენ, სადაც ჯგუფში დაკავებული ადგილების შესაბამისად (ჯვარედინად) დაწყვილდებიან სხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან. ტურნირის ბოლო 3 ადგილებზე გასული გუნდები B დივიზიონში დაქვეითდებიან. საქართველოს ნაკრების მიზანი A დივიზიონში ადგილის შენარჩუნება იქნება.