საქართველოს U16 ნაკრებმა მონტენეგროსთან ბოლო წამებზე წააგო

საქართველოს U16 ნაკრებმა მონტენეგროსთან ბოლო წამებზე წააგო

სამწუხარო ამბავი სერბეთიდან: საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მონტენეგროსთან დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე წააგო და ნაცვლად ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისა, მომავალ წელს ერთი საფეხურით დაბლა მყოფ B დივიზიონში იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ სერბეთის ქალაქ ნოვი სადში კონტინენტის საუკეთესო 16 გუნდი შეიკრიბა ჩემპიონ-პრიზიორთა გამოსავლენად, ხოლო ტურნირის მონაწილე 16 გუნდიდან ბოლო 3 ადგილზე გასული გუნდი B დივიზიონში ქვეითდებოდა. საქართველოს ნაკრებმა 13-16 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო მატჩში მონტენეგროსთან 81:83 წააგო და ტურნირს ან მე-15 ადგილზე დაასრულებს, ანაც – მე-16-ეზე.

არადა, საქართველოს ნაკრებს მოსაგები ჰქონდა. ჩვენმა გუნდმა მონტენეგროელებს თამაში ბოლო წუთებზე შემოუტრიალა. შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ბალკანელები 8 ქულით იგებდნენ, თუმცა მათე კაპანაძის ჩაჭრებმა და ზუსტმა გარღვევებმა, ჩვენი ბიჭების გუნდურმა თამაშმა ჩამორჩნა 2 წუთში გააბათილა. მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ქართველებმა ანგარიში გაათანაბრეს (73:73), რის შემდეგაც თამაში ქულა-ქულაზე გაგრძელდა. ჩააგდებდნენ მონტენეგროელები, შედეგიანადვე პასუხობდნენ ქართველები, რამდენჯერმეც გაცუდებული შეტევები ერთმანეთს მიჰყვა.

ბოლო წუთზე მონტენეგრო ორჯერ დაწინაურდა 2 ქულით და ჩვენებმა ორჯერვე გაუთანაბრეს. ბოლო გათანაბრებისას საფინალო სირენამდე 23 წამი რჩებოდა. მონტენეგროელებმა ბურთი გაათამაშეს და დარულებამდე 5 წამით ადრე შეუტიეს, მაგრამ არაზუსტად, თუმცა აქ მოხდა საკვანძო მომენტი – ბურთი ბალკანელებმა  ფიოდრ ჟუგიჩმა მოხსნა და მყისვე შედეგიანად დაამატა – 83:81. ქართველებს 2.8 წამი დარჩათ, თუმცა ზურა ვაშაკიძის სამქულიანი არაზუსტი აღმოჩნდა, ბურთი ალექსანდრე მერკვილაძემ მოხსნა, დაამატა, მაგრამ არაზუსტად და შეხვედრაც დასრულდა.

ხვალ, 18 აგვისტოს, საქართველოს ნაკრები ტურნირზე ბოლო შეხვედრა ჩაატარებს ბოლოსწინა ადგილისთვის. მე-15 ადგილისთვის საქართველოს ჰოლანდია დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.

საქართველო – მონტენეგრო
სტატისტიკა: 81:83