საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მერვედფინალური მატჩი თურქეთთან დათმო, პლეი ოფიდან გამოვარდა და ახლა A დივიზიონში 9-16 ადგილებისთვის მოუწევს ბრძოლა. ჩვენი გუნდის მიზანი ელიტარულ დივიზიონში დარჩენა გახლდათ და გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდისთვის რეალური ბრძოლაც ახლა იწყება. A დივიიოზიონში მყოფი 16 გუნდიდან ელიტაში 13 რჩება, ბოლო 3 ადგილზე გასული გუნდები კი მომავალი სეზონისთვის B დივიზიონში დაქვეითდებიან.
არადა, საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან თამაში შესანიშნავად დაიწყო და პირველ პერიოდში მეტოქე დაჯაბნა. გიორგი ბიგანაშვილი შეუჩერებელი გახლდათ, რომელმაც 2 სამქულიანი, საჯარიმოები ჩააგდო, გარღვევაც ზუსტად დააგვირგვინა და პირველი პერიოდის ბოლო წუთზე საქართველო 12 ქულით – 26:14 დააწინაურა. ქართველებს ბოლო წამებზე მეტოქის შეტევა გაეპარათ, ხოლო სირენის თანხლებით ჩაგდებული ბურთის წყალობით თურქებმა პირველი პერიოდი მხოლოდ 8 ქულით – 20:28 დათმეს.
მეორე პერიოდიდან თურქებმა ინიციატივა ხელთ იგდეს. დაცვა გაამაგრეს, მოედანზე ტურნირზე ერთ-ერთი ყველაზე ტანმაღალი მოთამაშე – 205 სანტიმეტრიანი ფურქან ჰალტალი გამოიყვანეს და სამწამიანშიც გამაგრდნენ. თუკი ააცილებდნენ, ჩვენი ოპონენტები ბურთს ხსნიდნენ და განმეორებითი შეტევებით იხვეჭდნენ ქულებს. ეს შედეგზე უმალ აისახა – თურქეთმა 18:2 გაქცევით დაიწყო მეორე პერიოდი და 38:30 დაწინაურდა.
გია კაზანჯიანმა პირველ ნახევარში გამოყოფილი ორივე წუთშესვენება შეალია მეტოქის გააქტიურების შენელებას, თუმცა საქმე მაინც ვერ გამოასწორა. თურქებმა განაგრძეს შედეგიანი თამაში და პერიოდის 33:11 მოგებით დიდ შესვენებაზე ხელჩასაჭიდი ლიდერობით გავიდნენ – 53:39. მეორე ნახევარში ქართველები ბევრს ეცადნენ, თუმცა ვითარების შეცვლა ვერ მოახერხეს. თურქებმა ლიდერობის შენარჩუნება ზედმეტი გართულებების გარეშე შეძლეს და საბოლოოდ 25 ქულით – 97:72 გაიმარჯვეს.
თურქებს ულიდარა კიდევ ერთმა 205-სანტიმეტრიანმა მოთამაშემ – ალპერენ შენგუნმა, რომელმაც 19 ქულა და 20 მოხსნა (!) მოაგროვა. თურქების გამარჯვების უმთავრესი იარაღი მოხსნების სიმრავლე გახლდათ. მატჩის ბოლოს ამ კომპონენტში უდიდესი სხვაობა დაფიქსირდა. ქართველებმა 28 ბურთი მოხსნეს, თურქებმა კი – 66.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი აჩვენა გიორგი ბაგანაშვილმა – 16 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი. 16 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა ზურბა ვაშაკიძემ. 9 ქულა დააგროვა ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა ხოლო 8-8 – ალექსი მერკვილაძემ და ვოვა თავაქარაშვილმა.
თურქეთი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ლატვიას შეხვდება, საქართველოს მომავალი მეტოქე კი ლატვიასთან მერვედფინალში 81:85 დამარცხებული ისრაელი იქნება. შემდეგი მატჩის მოგება A დივიზიონში დარჩენის ტოლფასია, რადგან ისრაელი – საქართველოს მატჩის გამარჯვებული ტურნირზე საუკეთესო 12 გუნდში ადგილს გაინაღდებს. დამარცხებული კი 13-16 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთვება. როგორც უკვე გითხარით, მე-13 ადგილი იქნება უკანასკნელი, რომლის დამკავებელი გუნდი A დივიზიონში დარჩება.
საქართველოსა და ისრაელის საკვალიფიკაციო მატჩი 15 აგვისტოს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.
ამ მომენტისთვის დასრულებული სხვა მერვედფინალური მატჩების შედეგები ასე გამოიყურება:
ლიტვა – ჰოლანდია 84:53
ისრაელი – ლატვია 81:85
ხორვატია – იტალია 85:58
თურქეთი – საქართველო
სტატისტიკა: 97:72