საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა კიევში, უკრაინის ნაკრებთან მეორე საკონტროლო მატჩი გამართა და კვლავ დაძაბულ ბრძოლაში, ამჯერად 3 ქულით წააგო. შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ჯაკობოვისა და დავით როგავას გაწვრთნილმა ნაკრებმა გუშინ უკრაინელებთან პირველი შეხვედრა 59:61 დათმო.
მატჩს შედეგზე მეტად მოსამზადებელი ხასიათი ჰქონდა და ის ორივე გუნდის მწვრთნელებმა კომბინაციების დასამუშავებლად, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად გამოიყენეს. პირველი ნახევრის შემდეგ უკრაინელები 12 ქულით იგებდნენ, თუმცა მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა თამაში დაალაგა და ჩამორჩენა შეამცირა, გადამწყვეტ მეოთხედში კი ქულა-ქულაში ორთაბრძოლა გაჩაღდა. შეხვედრის ბოლოს ორივე გუნდს შეეძლო მოგება, თუმცა მასპინძლებს მეტად გაუმართლათ და 67:64 გაიმარჯვეს.
საქართველოს ნაკრებში 17 ქულით, 6 მოხსნით და 4 ჩაჭრით საუკეთესო იყო ლუკა ავალიანი, თუმცა პასივში მას 7 დაკარგვა ჰქონდა. 12 ქულა დააგროვა როლანდ დევიძემ, ხოლო ელგუჯა ხვედელიძის ანგარიშზე 9 ქულა და 4 მოხსნა დაგროვდა.
საქრთველოს ნაკრები დღეს ლატვიაში გაემგზავრება, სადაც 30 ივლისამდე დარჩება და 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს კლუბ “კანდავასთან”. 31 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით კი ჩვენი ნაკრები მინსკში იქნება, სადაც ბელარუსის 16-წლამდელთა ნაკრებთან 2 საკონტროლო მატჩს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომლის B დივიზიონიც 8-17 აგვისტოს მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცეში გაიმართება. ტურნირში მთლიანობაში 24 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. საქართველო B ჯგუფში მოხსვა კვიპროსთან, ჩეხეთთან, ირლანდიასთან, პორტუგალიასთან და ჰოლანდიასთან. ჯგუფიდან 2 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა და ბრძოლას სამეულში მოსახვედრად განაგრძობს. ისევე როგორც ყველა ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატში, 16-წლამდელებშიც B დივიზიონიდან A-ში 3 საუკეთესო გადადის.
უკრაინა – საქართველო
სტატისტიკა: 67:64