საკალათბურთო პირველი ლიგა წლეულს „ა“ ლიგის სახელწოდებით ჩატარდება და მასში მონაწილეობას 6 გუნდი მიიღებს. ეს 6 გუნდი დაფინანსებას სახელმწიფოსგან მიიღებს, შესაბამისად, „ა“ ლიგის მონაწილეთა რაოდენობაც საკმარისზე მეტია.
მონაწილეობის მსურველი დაახლოებით 16-18 გუნდია, რომელთა წარმომადგენლებიც დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შეიკრიბნენ. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელებთან – ალეკო პერტიაშვილთან და გიორგი ზაბახიძესთან გუნდების მესვეურებმა სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე ისაუბრეს.
საკითხების დიდ უმრავლესობაზე მხარეები უკვე შეთანხმდნენ. დარჩენილი თემების შესათანხმებლად მორიგი შეხვედრა 28 იანვარს დაინიშნა.
„ა“ ლიგაში სამონაწილეო 6 საგზური საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგად გათამაშდება. გუნდებმა ფედერაციაში განაცხადები 30 იანვრამდე უნდა წარმოადგინონ, ხოლო „ა“ ლიგის რეგულარული ჩემპიონატი 6 გუნდის მონაწილეობით სავარაუდოდ 7 თებერვალს დაიწყება.