შეკრებაზე რიგაში მყოფმა საქართველოს U16 ნაკრებმა ესტონეთი 19 ქულით დაამარცხა

შეკრებაზე რიგაში მყოფმა საქართველოს U16 ნაკრებმა ესტონეთი 19 ქულით დაამარცხა

მას შემდეგ, რაც კორონავირუსულმა პანდემიამ გადაიარა, სხვა სფეროებთან ერთად საერთაშორისო საკალათბურთო აქტივობაც ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. როგორც ყოველთვის, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ზაფხულობით საკონტინენტო პირველობები ტარდებოდა და ახლაც – 16, 18 და 20 წლამდელთა შორის დივიზიონების მიხედვით ევროპის პირველობები ტარდება. ერთ-ერთს, ევროპის 20-წლამდელთა “ბ” დივიზიონს საქართველო მასპინძლობს, 16 და 18 წლამდელებს კი საზღვარგარეთ უწევთ ასპარეზობა.

ევროპის “ბ” დივიზიონში სათამაშოდ ემზადება 16-წლამდელთა გუნდიც, რომელიც ამჟამად შეკრებაზე ლატვიაში იმყოფება. მზადების ფარგლებში სპარინგ-მატჩებს მართავს. 14 ივლისს ჩვენმა ნაკრებმა პირველი მატჩი ევროპის ჩემპიონატზე მომავალ მეტოქესსთან, ესტონელ თანატოლებთან გამართა და გამარჯვებას მიაღწია. ირაკლი ჩერქეზიშვილისა დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ბალტიისპირელებს დამაჯერებელი სხვაობით – 79:60 სძლია.

ჩვენს ნაკრებში 15 ქულით, 7 პასითა და 3 ჩაჭრით ყველაზე შედეგიანი იყო ნიკოლოზ აბულაძე. 12 ქულა და 6 მოხსნა ლუკა მუჯირიშვილმა დააგროვა, 8 ქულა და 6 მოხსნა თემური კაპანაძის ანგარიშზე დაგროვდა. მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი ავთანდილ ბახტაძემ მიითვალა. მის ანგარიშზე 10 ქულა და 10 მოხსნაა. კიდევ ერთი მოთამაშე, რომელმაც 10 ქულა მოაგროვა, ალექსანდრე დაუშვილია.

საქართველო ევროპის 16-წლამდელთა “ბ” დივიზიონში 11-20 აგვისტოს იასპარეზებს. ტურნირს ბულგარეთის დედაქალაქი სოფია უმასპინძლებს და საქართველოს ჯგუფში მეტოქეებად ავსტრია,  ესტონეთი, უნგრეთი, კვიპროსი და ბელგია ეყოლება.