„შსს-აკადემიამ“
ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო „მართვე 2“-ს და ჩემპიონი გახდა.
გიორგი ნიკოლაძის
ხელმძღვანელობით შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა წარმატებით განვლო მთელი სეზონის
და უძლიერესის ტიტული დამსახურებულად მოიგო.
მთელი სეზონის
მანძილზე აკადემიელებმა მხოლოდ ერთი მატჩი წააგეს – ნახევარფინალურ სერიაში რუსთავში
მასპინძლებთან წააგეს, თუმცა სერიის მესამე შეხვედრაში დამაჯერებლად იმარჯვეს და ფინალში
გავიდნენ. „მართვე 2“ ვერ გამოდგა ის გუნდი, რომელიც „შსს-აკადემიას“ წინ დაუდგებოდა.
ფინალური სერიის პირველ მატჩში, რომელიც 18 მაისს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში
გაიმართა, ნიკოლაძის გუნდმა 20 ქულის სხვაობით სძლია მართველებს, ხოლო დღეს, სპორტის
სასახლეში 85:76 იმარჯვა და საჩემპიონო თასიც დაისაკუთრა.
აღსანიშნავია,
რომ წინა მატჩისგან განსხვავებით მართველებმა აკადემიელებს ღირსეული წინააღმდეგობა
გაუწიეს. პირველი მეოთხედი შსს-მ მხოლოდ 1 ქულით – 20:19 მოიგო, ხოლო დიდ შესვენებაზე
4-ქულიანი ლიდერობით გავიდა. აკადემიელები სულ წინ იყვნენ, თუმცა ხელჩასაჭიდი უპირატესობის
მოპოვებას ვერ ახერხებდნენ.
ბოლო მეოთხედის
წინ ანგარიში „ძალოვნების“ სასარგებლო – 61:56 იყო. ნიკოლაძის გუნდი ცდილობდა, მაგრამ
ბოლო წუთებამდე საიმედო უპირატესობა ვერ მოიპოვა. ვილი ისიანის, ლევან გოგოალაძის და
ლევან ფაღავას წინამძღოლობით ბოლო წუთებზე „შსს-აკადემიის“ უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა
და მატჩის ბედიც გაირკვა.
ისიანმა აკადემიელებს
27 ქულითა და 19 მოხსნით ულიდერა, ხოლო გოგალაძემ თავი 25 ქულას მოუყარა. ლევან ფაღავამ
შეხვედრა 12 ქულით დაასრულა. დამარცხებულთაგან საუკეთესო დავით ლომიძესაც 27 ქულა ჰქონდა,
რომელმაც 14 მოხსნაც მიითვალა. 15-15 ქულა-მოხსნა ჰქონდა მამუკა ნიკოლაიშვილს, ნოდარ
სანაიამ კი მატჩი 14 ქულით დაასრულა.
მატჩის შემდეგ
გაიმართა დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი. ჩემპიონები ბრინჯაოს პრიზიორებთან ერთად
სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიდების დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ და 16-წლამდელთა ნაკრების
მენეჯერმა შოთა ბენდელიანმა დააჯილდოვეს.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
გიორგი ნიკოლაძე(შსს აკადემია): პირველ რიგში,
მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო მეტოქე გუნდის მიმართ. წინა თამაშში ერთ-ერთი წამყვანი
მოთამაშე დააკლდათ და ეს დღევანდელ შეხვედრაზეც აისახა. მიუხედავად ამისა, ღირსეული
წინააღმდეგობა გაგვიწიეს. ვულოცავ და მადლობას ვეტყვი ჩემს ბიჭებს, რომლებმაც არანორმალური
შრომა გაწიეს, 15 ივნისიდან შევიკრიბეთ და მას შემდეგ ძალიან მონდომებულები ვვარჯიშობდით.
მადლობა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, წლიდან წლამდე უმჯობესდება ასაკობრივი
ჩემპიონატების ორგანიზება და კალათბურთის საქმეც წინ მიდის. მადლობა მსაჯებს, რომელთა
მიმართაც არანაირი პრეტენზია არ მაქვს, ასევე ჟურნალისტებს და ყველას, ვინც ჩემპიონატში
იყო ჩართული. ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, პირველი თასია და მინდა მადლობა გადავუხადო
კლუბის მთავარ მწვრთნელს, გეორგის კეცედილისს, არაჩვეულებრივი სპეციალისტია და მისგან
ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.
ხათუნა გაბედავა(მართვე-2): დიდი მადლობა პირველ რიგში ნუგზარ კანდელაკს,
რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი გუნდის წარმატებაში. მივულოცავ მოწინააღმდეგე
გუნდს, რომელმაც ღირსეული მეტოქეობა გაგვიწია, საინტერესო ფინალი იყო. პირველი მატჩი
ცუდად ჩავატარეთ და ასეთი დაძაბულობა არ ყოფილა. დაშავდა ჩვენი გუნდის წამყვანი კალათბურთელი დემეტრე წიკლაური, რომელიც ასევე 16-წლამდელთა ნაკრების
წევრია. სამწუხაროა, რომ გარკვეული მიზეზების
გამო იმ შემადგენლობით ვერ დავამთავრეთ სეზონი, რითაც დავიწყეთ. დიდი მადლობა კალათბურთის
ფედერაციას ჩემპიონატის ასეთი კარგი ორგანიზებისთვის.
ვილი ისიანი (შსს აკადემია): დიდი მადლობა
მოწინააღმდეგე გუნდს, ეს ჩემი პირველი გამარჯვებაა და ძალიან ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა ჩვენს მწვრთნელს და გუნდს, დიდი მადლობა
ასევე კალათბურთის ფედერაციას სეზონის მანძილზე გაწეული სამუაშოსთვის. ასევე მსაჯებს
და ჩემს გუნდელებს.
ლევან გოგალაძე (შსს აკადემია): ფინალში ძალიან
ძლიერი მეტოქე გვყავდა. პირველი მატჩისგან განსხვავებით დღევანდელმა თამაშმა დაძაბულად ცაიარა. დამსახურებულად გავიდა ფინალში
ძლიერი მეტოქე გვყავდა. წლევანდელი ჩეპიონატის
კმაყოფილი ვარ, დიდი მადლობა ჩვენს მწვრთნელებს და ფედერაციას , რომელმაც მაღალი დონის
ორგანიზება გაუწია ასაკობრივ ჩემპიონატს.
თორნიკე გელოვანი(მართვე-2): დიდი მადლობა
ხათუმა გაბედავას. რომელმაც სული და გული ჩადო ჩვენს აქამდე მოსვლაში და ყველააფერი
გააკეთა ჩვენთვის. მადლობა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ჩემპიონატის ასე კარგად ჩატარებისთვის. დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს
ბოლომდე ბრძოლისთვის.
მართვე-2 – შსს აკადემია 76:85