თბილისის 13-წლამდელთა ჩემპიონი აკადემია გახდა

თბილისის 13-წლამდელთა ჩემპიონი აკადემია გახდა

  სპორტის სასახლეში დასრულდა თბილისის 13-წლამდელთა ჩემპიონატი. ტურნირი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს “აკადემია” და “ჰიუნდაი” შეხვდნენ. საჩემპიონო მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა და ის აკადემიელეთა ლამაზი გამარჯვებით – 79:76 დამთავრდა.

ლაშა თოიძისა და ნიკო ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა “ჰიუნდაიმ” მატჩი მძლავრად დაიწყო – 10:0 დაწინაურდა და თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ლიდერობდა. ჰიუნდაელთა უპირატესობა ხან 10 ქულას მცირედით გადააჭარბებდა, ხანაც 6-7 ქულამდე შემცირდებოდა. საავტომობილო კომპანიის გუნდს, ბიძინა ფეიქრიშვილი წინამძღოლობდა, რომლის შემჩერებელიც აკადემიელთაგან ვერავინ აღმოჩნდა.
ფეიქრიშვილმა საბოლოოდ 52 ქულა დააგროვა, ის მესამე მეოთხედის შუა პერიოდიდან, 4 პერსონალურით თამაშობდა და ისე ჩაამთავრა მატჩი, მოედნიდან არ გავარდნილა. სამაგიეროდ ჯარიმებით დაიხუნძლნენ მისი თანაგუნდელები და ბოლო მეოთხედში მოედნიდან, 5 პერსონალურის გამო 5 ჰიუნდაელი გავარდა. აკადემიელებში მიხეილ ზურაბაშვილი და რატი ანდრონიკაშვილი გამოირჩეოდნენ, რომელთა მონდომებით ბოლო მეოთხედში “აკადემიამ” ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა და დაწინაურდა კიდეც. ანდრონიკაშვილმა სპორტის სასხლეში შეკრებილ არცთუ მცირე მაყურებელს თავი ლამაზი დრიბლინგითა და მას მოყოლილი შედეგიანი გარღვევებით დაამახსოვრა, ზურაბაშვილი კი სიზუსტით და მნიშვნელოვანი მოხსნებით გამოირჩა.
ბოლო წუთებზე ჰიუნდაელთა ლიდერი დაიღალა – ფეიქრიშვილმა საჯარიმოების აცილება იწყო, ინდივიდუალური გარღვევების უმეტესობასაც ვეღარ აგდებდა. მატჩის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა – “აკადემიამ”, რომელიც მთელი თამაში მდევრის როლში იყო, უკანასკნელ წუთზე 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და გამარჯვებამდეც მივიდა.
გაჩემპიონებულ აკადემიელთა სიხარულის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. მესამე ადგილზე გასული “შსს-მართვე” თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრმა, მამუკა ლომიძემ, მედლებითა და შესაბამისი სიგელებით დააჯილდოვა.
ფინალში დამარცხებით დადარდიანებულ ჰიუნდაელებს მედლები თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრმა, ამირან ჟაბუკიანმა,  გადასცა. ტურნირზე დაწესებული იყო ინდივიდუალური ჯილდოები:
–         თბილისის ჩემპიონატის ბომბარდირი, მთლიანობაში 168 ქულის მომგროვებელი, “შსს-მართვეს” წევრი ნიკა ნიკოლაიშვილი სპეციალური პრიზით თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრმა, ლევან წულაიამ, დააჯილდოვა.
–         მაყურებელთა სიმპატიას, “შსს-ამართვეს” წევრ გაბრიელ გორგაძეს პრიზი თბილისის კალათბურთის განვითარების პრიზი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა, გადაცა.
–         ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული “ჰიუნდაის” ლიდერი, ბიძინა ფეიქრიშვილი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრმა, ალეკო პეტრიაშვილმა, დააჯილდოვა.
დაბოლოს, ტურნირის მთავარი აკორდი: ჩემპიონ “აკადემიას” კაპიტან ლევან წურწუმიას საჩემპიონო თასი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ გადასცა. თბილისის ჩემპიონებს და პრიზიორებს წარმატება “არმიასა” და “შსს-აკადემიას” გუნდებმა მიულოცეს, რომლებიც სპორტის სასახლეში სუპერლიგის მორიგ ტურში ერთმანეთს, 13-წლამდელთა ფინალური მატჩის შემდეგ დაუპირისპირდნენ.
 
13-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატი. სპორტის სასხლე. 15 თებერვალი
ფინალი
ჰიუნდაი 76:79 აკადემია
19:15, 21:13, 17:23, 19:28
ჰიუნდაი: ფეიქრიშვილი (52), ქავთარაძე (10), მახვილაძე (2), გოგაძე (4), ბიჩინაშვილი (4), თანანაშვილი (4), გიგიბერია, კვიტაიშვილი, ჭიჭინაძე, გაგნიძე, ბუბაშვილი,
აკადემია: ზურაბაშვილი (31), წურწუმია (11), ანდრონიკაშვიი (26), მიქელაძე (11), ცხვირავაშვილი, კოპალეიშვილი, ქროული, ცომაშვილი, დოლიძე, ლაზვიაშვილი