ხვალ, საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას იწყებს, რომელსაც 9-დან 17 აგვისტოს ჩათვლით საბერძნეთის კუნძული კრეტა და მისი დედაქალაქი ირაკლიონი უმასპინძლებს. ეს გახლავთ საქართველოს ერთადერთი ასაკობრივი ნაკრები, რომელიც წელს A დივიზიონში გამოვა.
16-წლამდელთა ნაკრები ასევე გახლავთ გუნდი, რომელმაც უახლოეს ისტორიაში იასპარეზა A დივიზიონში. 2017 წელს ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა ევროპის A დივიზიონის საგზური, თუმცა 2018 წელს ჩვენებმა უძლიერესთა შორის ადგილი ვერ შეინარჩუნეს. საქართველოს ნაკრებმა საკვანძო მატჩი დაძაბულ ბრძოლაში – 81:83 დათმო მონტენეგროსთან და B დივიზიონში დაბრუნდა.
5 წელიწადში, 2023 წელს, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა, რომელსაც ნიკა ცინცაძე და ლევან ტყეშელაშვილი წვრთნიდნენ, რუმინეთში გამართულ B დივიზიონში მოახერხა მე-3 ადგილისთვის მატჩში მასპინძლების დამარცხება, რითაც A დივიზიონის საგზური მოიპოვა და ხვალიდან, ჩვენები, კონტინენტის უძლიერეს 15 ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში ჩაებმებიან.
გათამაშების სისტემა აქ სხვა ასაკობრივებისგან განსხვავებულია. ჯგუფში ჩატარებული 3 მატჩის შემდეგ ყველა გუნდი პლეი ოფში (მერვედფინალში) გადაინაცვლებს, სადაც ჯვარედინი სისტემით დაწყვილდება. A ჯგუფი ჯვარედინად B-ს დაუწყვილდება, ხოლო C – D-ს. შესაბამისად, საქართველოს მომავალი მეტოქე მერვედფინალში ხორვატია, საბერძნეთი, ისრაელი ან იტალია იქნება. მეორვედფინალი თუ მოიგო, საქართველო A დივიზიონში დარჩენის საკითხს დადებითად გადაწვეტს, თუ არადა, როგორც ყველა ასაკობრივ ტურნირზე, აქაც ყველა ადგილი გათამაშდება, სადაც რვეულს მიღმა დარჩენილი 8 გუნდის მიზანი 5 საუკეთესოში მოხვედრა იქნება. შეგახსენებთ, რომ ტურნირის 3 უარესი შედეგის მქონე ნაკრები B დივიზიონში ჩაინაცვლებს.
ჩვენს ნაკრებს კვლავინდებურად ნიკა ცინცაძე და ლევან ტყეშელაშვილი წვრთნიან, რომლებსაც სამწვრთნელო შტაბში ნიკა ბურჯანაძე დაემატათ. მწვრთნელთა შტაბმა ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა თბილისსა და ლატვიაში ჩატარებული შეკრებების შემდეგ შეარჩია.
გთავაზობთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობასა და ჯგუფურ ეტაპზე ჩასატარებელი მატჩების განრიგს.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის ორგანიზატორ ფიბა-ს საიტზე ყოველი ასაკობრივი ტურნირის დაწყების წინ იმ მოთამაშეებს ასახელებენ, რომლებიც კონკრეტულ ასაკში ექსპერტების მიერ ყველაზე პერსპექტიულებად მიიჩნევიან. წლევანდელ ასაკობრივ ნაკრებებში ფიბა-ს საიტმა მხოლოდ ერთი ქართველი – მათე ხატიაშვილზე გამოარჩია, რომლის შესახებაც აი, რას წერს:
ხატიაშვილმა საკვანძო როლი ითამაშა იმაში, რომ საქართველოს ნაკრებმა შარშან გამართულ B დივიზიონში ბრინჯაოს მედლების მოპოვება მოახერხა. ის გუნდში შედეგიანობის მხრივ მე-2 ადგილზე გავიდა. საინტერესოა, რომ მათე პერიმეტრიდან 41.7%-იანი სიზუსტით უტევდა, პასები კი 2-ჯერ მეტი ჰქონდა, ვიდრე – დაკარგვები. ხატიაშვილს თანაგუნდელების ზუსტი გადაცემებით მომარაგება ხომ არ უჭირს და სროლაც კარგად ეხერხება. გარდა ამისა, გუნდში საუკეთესოა ბურთის ტარების მხრივ. ქართველი 16-წლამდელები უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში A დივიზიონში მხოლოდ მეორედ ითამაშებენ და შეეცდებიან წინა შედეგები გააუმჯობესონ. ბოლო ორ შემთხვევაში, როდესაც საქართველომ ელიტარულ ლიგაში ითამაშა, ნაკრები ბოლო ადგილზე გადიოდა.
ჩვენ კი დავძენთ, რომ ხატიაშვილი ესპანეთის ერთ-ერთ წაყვან კლუბ ბასკონიაში ასპარეზობს და ის თავის ასაკთან (16) ერთად 18-წლამდელებშიც ერთ-ერთი ლიდერია. მათესთან ერთად ჩვენს ნაკრებს არაერთი გამრჯე ახალგაზრდა ჰყავს, რომლებმაც ერთიანი ძალებით უნდა მოახერხონ ცალკე შედეგზე კონცენტრირება და რაც მთავარია, ისეთ მოთამაშეებად ჩამოყალიბება, რომლებისთვისაც ეროვნული ნაკრების კარი ღია იქნება.