დასრულდა 16-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატი. ფინალურ შეხვედრას ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა, სადაც თბილისის “დინამოსა” და “ზაზას აკადემიას” შორის გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართა. 2017-2018 წლის სეზონის ჩემპიონის ტიტული “ზაზას აკადემიამ” მოიპოვა, რომელმაც მეტოქე ანგარიშით 72:63 დაამარცხა.
გამარჯვებულთა რიგებში 16 ქულა ირაკლი კილაძემ დააგროვა, ხოლო დინამოელთა შორის 24 ქულით გიორგი ბიგანაშვილი გამოირჩა.
მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი: ვერცხლისმედალოსან და ჩემპიონ გუნდებს შესაბამისი მედლები და სიგელები კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსმა ალეკო პეტრიაშვილმა და ვეტერანმა კალათბურთელმა ანტონ კაზანჯიანმა გადასცეს.
ლეგენდარული კალათბურთელების ვლადიმერ უგრეხელიძისა და ვალერი ალთაბაევის სახელობის თასით გამარჯვებული გუნდი ვეტერანმა კალათბურთელმა და ღვაწლმოსილმა ექიმმა, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიკოსმა ვაჟა გვანცელაძემ და ანტონ კაზანჯიანმა დააჯილდოვეს, რომლებიც ვლადიმერ უგრეხელიძისა და ვალერი ალთაბაევის თანაგუნდელები არიან.
საჩემპიონო თასი “ზაზას” კაპიტანს ნიკოლოზ გაფრინდაშვილს ალეკო პეტრიაშვილმა გადასცა.