რუსთავის U13 და ზფა-ს U17 გუნდებმა ევროპარბიელზე დაუმარცხებლად იასპრეზეს

რუსთავის U13 და ზფა-ს U17 გუნდებმა ევროპარბიელზე დაუმარცხებლად იასპრეზეს
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივა, რომელიც ასაკობრივი ჩემპიონატების გამარჯვებულთა წახალისებასა და მათთვის საერთაშორისო გამოცდილების მიცემას ისახავს მიზნად, ახალი სეზონიდან ახალი ძალით ამოქმედდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ფედერაციის თანადაფინანსებით საზღვარგარეთ უკვე 2 წარმატებული გუნდი გაემგზავრა.  რუსთავის 13-წლამდელთა გუნდმა, რომელმაც გასულ სეზონში საქართველოს junior NBA ლიგა მოიგო, ლატვიის დედაქალაქ რიგაში, ბალტიის ლიგის პირველ ტურში წაუგებლად იასპარეზა, ხოლო გასული სეზონის 16-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული — ზაზა ფაჩულიას აკადემია უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში ასპროცენტიანი მაჩვენებლით ჩართო.
 
„რუსთავის“ ტრიუმფი რიგაში
რუსთავის 13-წლამდელთა გუნდი ლატვიის დედაქალაქ რიგას ესტუმრა, სადაც ავტორიტეტული საერთაშორისო ტურნირის — Best Baltic Basketball League (BBBL) პირველ ტურში იასპარეზა. ტურნირში მასშტაბური კონკურენციაა — ასპარეზობაში მონაწილეობას 45 ძლიერი გუნდი იღებს, თუმცა პირველი ეტაპის ხუთივე შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება და 100-პროცენტიანი შედეგის დაფიქსირება მთელ მასშტაბში მხოლოდ „რუსთავს“ ხვდა წილად, რითაც ქართულმა გუნდმა ლიდერის პოზიცია დაიმკვიდრა. რიგის ტურნირზე რუსთაველებმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ გუნდებთან იასპარეზეს და დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს:
  • ტურნირის პირველი დღე (30 ოქტომბერი): რუსთაველებმა ასპარეზობა ლატვიური სკოლის გუნდთან, „Basketbola klase-2 2014“-თან მატჩით დაიწყეს და მეტოქე უშანსოდ, 87:29 დაამარცხეს.
  • იმავე დღეს, მეორე შეხვედრაში საქართველოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთ ლატვიურ კლუბს, „BS Ogre-2 2014“-ს სძლიეს ანგარიშით 66:19.
  • ტურნირის მეორე დღე (31 ოქტომბერი): მესამე მატჩში რუსთავის გუნდმა ესტონეთის წარმომადგენელი — „Rae SK/Kiili SK 2014“ ანგარიშით 78:37 ჩამოიცილა გზიდან.
  • დღის მეორე მატჩში კი პოლონურ კლუბს, „PGE AK Mlode Zubry Bialystok 2014“-ს მძიმე ბრძოლაში 65:48 აჯობეს.
  • ტურნირის დასკვნითი დღე (1 ნოემბერი): პირველი ეტაპის ბოლო შეხვედრაში რუსთაველებმა ესტონურ კლუბთან, „KK Hito/Johvi Spordikool 2014“-თან სრული დომინაცია აჩვენეს და მატჩი ბრწყინვალე გამარჯვებით, 95:36 დაასრულეს.
გუნდის წარმატებული ასპარეზობა ლიდერთა სტატისტიკურმა მონაცემებმაც თვალსაჩინოდ განაპირობა. ტურნირზე განსაკუთრებით პროდუქტიული თამაშით ახალგაზრდა კალათბურთელი ნიკო ბერიძე გამოირჩა, რომელიც გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო — იგი იყო რუსთავის საუკეთესო მექულე საშუალოდ 19.6 ქულით, ლიდერობდა მოხსნებში საშუალოდ 8.4 მოხსნით და ჰქონდა საუკეთესო ეფექტიანობის კოეფიციენტი (28.8). გუნდს შედეგიანი გადაცემებითა და ორგანიზებით წარმატებით უძღვებოდა ალექსანდრე კირვალიძე, რომლის საშუალო მაჩვენებელი 3.6 პასს შეადგენს. „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელია ლევან ხმელიძე, ხოლო მენეჯერი — ვაჟა კვიჟინაძე.
 
ზაზა ფაჩულიას აკადემიის (ZPA Academy) ტრიუმფი უნგრეთში
ზაზა ფაჩულიას აკადემიის 16-წლამდელთა გუნდი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტს ესტუმრა, სადაც საერთაშორისო ტურნირის პირველ ეტაპზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ოთხივე შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა:
  • 24 ოქტომბერი: ქართულმა გუნდმა ჩეხური „უსკ პრაღა“ ანგარიშით 87:63 დაამარცხა.
  • 25 ოქტომბერი: მძიმე და პრინციპულ ბრძოლაში ზაზას აკადემიამ ჩეხური „ნექსთ ჯენერეიშენ ბრნო“ სძლია — 88:82.
  • 25 ოქტომბერი: იმავე დღეს, ქართველმა კალათბურთელებმა უკრაინული „ავანგარდი კიევი“ დაძაბულ ბრძოლაში 76:73 ჩამოიცილეს გზიდან.
  • 26 ოქტომბერი: პირველი ეტაპის დასკვნით შეხვედრაში აკადემიის გუნდმა სრული დომინაცია აჩვენა და „ბასკეტ ბიტსი“ ანგარიშით 114:28 გაანადგურა.
გუნდის წარმატებული ასპარეზობა ლიდერთა ინდივიდუალურმა სტატისტიკამაც განაპირობა. ტურნირზე საუკეთესო მექულე იყო გიორგი მაისურაძე, რომელიც საშუალოდ 15.8 ქულას აგროვებდა. გუნდს მოხსნებში ლიდერობდა ავტო მერკვილიშვილი (საშუალოდ 7.3 მოხსნა), ხოლო შედეგიანი გადაცემებით გიორგი გოჩაშვილი გამოირჩა (საშუალოდ 5.3 პასი). გუნდის მთავარი მწვრთნელია ირაკლი მიქელაძე, ასისტეტი – რეზი მაღლაფერიძე.
 
პროგრამის ფარგლებში, სადაც თითოეულ გუნდს სეზონის განმავლობაში სამი ტური (სამი გამგზავრება) უწევს, წინ კიდევ არაერთი საზღვარგარეთული ტური და პრინციპული დაპირისპირებაა. უახლოეს პერიოდში საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ორი ასაკობრივი გუნდი გაემგზავრება — ზაზა ფაჩულიას აკადემიის 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი და ვიქტორ სანიკიძის აკადემია. 18-წლამდელთა ჩემპიონატი “ვინგსმა” მოიგო, თუმცა უცხოეთში გამგზავრებაზე უარი თქვა და რიგითობის პრინციპით თანადაფინანსება ფინალისტ ვსა-ს ერგო.