ფიბა-მ ჩემპიონთა ლიგა განაახლა. შერმადინის ტენერიფე 8-თა ფინალში გავიდა

ფიბა-მ ჩემპიონთა ლიგა განაახლა. შერმადინის ტენერიფე 8-თა ფინალში გავიდა

6-თვიანი შესვენების შემდეგ, რაც გამოწვეული იყო კორონავირუსის პანდემიით, ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშება განახლდა. ჩვენი ინტერესი მიპყრობილია გიორგი შერმადინის “ტენერიფეზე”, რომელიც 1/8 ფინალში იყო გასული და ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე აღნიშნული სერიის მეორე მატჩი ბელგიაში, “ოსტენდესთან” ითამაშა. ის შეხვედრა მასპინძლებმა მოიგეს და სერიაში ანგარიში 1:1 გაათანაბრეს, მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა კი ნახევარწლიანი შესვენების შემდეგ, 16 სექტემბერს ტენერიფეში გაიმართა, რომელიც შერმადინის გუნდის გამარჯვებით – 62:54 დასრულდა. ამით ტენერიფელებმა 8-თა ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. 

საქართველოს ნაკრების ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო. მან 23:23 წუთი ითამაშა და გუნდს 9 ქულა მოუტანა (2/7 თამაშიდან, 5/6 საჯარიმოს ხაზიდან). გიორგიმ 10 მოხსნაც მიითვალა (4 მეტოქის ფარზე). ასე რომ, მას ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა. +18 პლუს-მინუს კოეფიციენტით ის ორივე გუნდში საუკეთესო იყო. მარგი ქმედების კოეფიციენტით (+12) კი მხოლოდ ტაილერ კავანოს ჩამორჩა. გიორგის ანგარიშზეა 3 პასი და 1 ჩაჭრა, მაგრამ 5 დაკარგვაც. 

ჩემპიონთა ლიგის 8 საუკეთესო გუნდი საბერძნეთში შეიკრიბება, სადაც 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე ჩემპიონს გამოავლენს. ეს გუნდები არიან: ტენერიფე, სარაგოსა, ბურგოსი (ყველა ესპანეთი), არისი (საბერძნეთი), ნიმბურკი (ჩეხეთი), ჰაპოელი იერუსალიმი (ისრაელი), დიჟონი (საფრანგეთი) და ტურკ ტელეკომი (თურქეთი). 

ტენერიფელთა პირველი მეტოქე სარაგოსა იქნება და ამათი გამარჯვებული ნახევარფინალში ნიმბურკ-აეკს შორის უმჯობესს შეხვდება.