რუსთავმა ჰიუნდაის გაუთანაბრა და B18 ლიგაში ჩემპიონი მესამე მატჩში გამოვლინდება

რუსთავმა ჰიუნდაის გაუთანაბრა და B18 ლიგაში ჩემპიონი მესამე მატჩში გამოვლინდება

18-წლამდელთა B ლიგის გამარჯვებული 7 მაისს, ფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტ მატჩში გამოვლინდება. ერთმანეთს ჰიუნდაისა და რუსთავის საკალათბურთო სკოლის მეორე გუნდები დაუპირისპირდებიან. ამ სკოლების პირველი გუნდები A ლიგაში ასპარეზობენ, რის გამოც გამარჯვებული უმაღლეს ლიგაში ვერ აინაცვლებს და მხოლოდ B ლიგის ჩემპიონის ტიტული ერგება.

6 მაისს ამ გუნდებმა სერიის მეორე მატჩი გამართეს. ჰიუნდაი სერიას 1:0 იგებდა და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონი ხდებოდა, თუმცა რუსთაველებმა დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და გამარჯვებას მიაღწიეს. ჰიუნდაიმ პირველი პერიოდი 5 ქულით მოიგო, დიდ შესვენებაზე უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა, თუმცა საკვანძო, მესამე პერიოდში ქვემოქართლელებმა მოახერხეს თამაშის შემობრუნება. აღნიშნული ათწუთეული რუსთაველებმა 28:19 მოიგეს, ქულით დაწინაურდნენ და ბოლო პერიოდში ლიდერობა შეინარჩუნეს.

საბოლოოდ ოთარ ხმელიძისა და ირაკლი მებურიშვილის გაწვრთნილმა რუსთაველებმა 83;78 (სტატისტიკა) იმარჯვეს და ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრეს – 1:1. გამარჯვებულებს ვაჟა კეჭაღმაძემ 21 ქულითა და 10 მოხსნით ულიდერა. 19 ქულა და 9 მოხსნა დათა ვაშაკიძის ანგარიშზეა. 12-12 ქულა დავით გოგოლაძემ და მათე რეხვიაშვილმა მიითვალეს. ჰიუნდაიში 17 ქულით საუკეთესო იყო კახაბერ დავითულიანი. 14 ქულა და 7 მოხსნა დემეტრე მამალაძემ მოაგროვა.

სერიის მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა 7 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 14:10 საათზე გაიმართება.