18-წლამდელთა A და B ლიგებში პლეი ოფი საინტერესო ორთაბრძოლებით დაიწყო

18-წლამდელთა A  და B ლიგებში პლეი ოფი საინტერესო ორთაბრძოლებით დაიწყო

საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფი საინტერესოდ დაიწყო. ჩემპიონატში პირველი მარცხი განიცადა საკალათბურთო კლუბმა “ვინგსმა”, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატი 12-დან 12 გამარჯვებით დაასრულა. ნიკა ბურჯანაძის გუნდი ტურნირის უპირობო ფავორიტად ითვლებოდა და ახლაც ითვლება, თუმცა “ვინგსის” უძლეველობის მითი დამსხვრეულია და ჩემპიონატის პლეი ოფი ამით უფრო და უფრო დაძაბული გახდება. ვინგსის მძლეველი ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი (ZPA) გახლავთ, რომელმაც მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩი ურთულეს ბრძოლაში – 70:67 (სტატისტიკა) მოუგო ვინგსს.

მატჩი ZPA-ს აქტიური და შედეგიანი თამაშით დაიწყო. აკადემიელებმა პირველი პერიოდი 16:9 მოიგეს, რის შემდეგაც ვინგსის ხანგრძლივი დევნა დაიწყო. ბურჯანაძის გაწვრთნილი გუნდი ნელ-ნელა ჩამორჩენას ამცირებდა და ბოლო პერიოდში ანგარიში ხომ გაათანაბრა, ირაკლი ახალაიას მიჯრით ჩაგდებული ბურთებით 62:58 დაწინაურდა. 

გიორგი ჩაჩხიანის გაწვრთნილმა ზაზას აკადემიელებმა პრესინგს მიმართეს და მეტოქეს სივრცეები მაქსიმალურად შეუზღუდეს. შედეგად ანგარიში გათანაბრდა, საბა ნარიმანიძის და სოსო გუგუციძის ქულებით ZPA ისევ დაწინაურდა და ბოლო წუთმაც მოატანა. ორმხრივი შეცდომების ფონზე სათამაშო დრო ისე ამოიწურა, ბოლო წუთნახევარში ბურთი აღარ ჩავარდნილა. ზაზას აკადემიამ გაიმარჯვა და სერიაში 1:0 დაწინაურდა.

გამარჯვებულთაგან ყველაზე სარგებლიანი ალექსანდრე მგელაძე გახლდათ, რომელმაც 16 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი, 5 ჩაჭრა და და 3 დაფარება მიითვალა. საბა ნარიმანიძემ 19 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. 11-11 ქულა სოსო გუგუციძისა და ილია სულაძის ანგარიშზეა. ვინგსში 33 ქულით ნიკოლოზ გურგენიძე გამოირჩა. 11 ქულა და 12 მოხსნა ირაკლი ახალაიას ანგარიშზეა. ამ გუნდებს შორის სერიის მეორე მატჩი 25 აპრილს გაიმართება და თუ ისევ ZPA მოიგებს, ნახევარფინალში გავა, არადა, მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა დაინიშნება.

18-წლამდელთა A ლიგის მეორე საპლეიოფო მატჩი რუსთავში გაიმართა, სადაც მასპინძლებმა იოლად – 76:49 (სტატისტიკა) დაამარცხეს ბათუმის “ბასკო” და სერიაში დაწინაურდნენ. სერიის მეორე მატჩი აჭარის დედაქალაქში 25 მარტს გაიმართება. 

დღესვე სტარტი აიღო 18-წლამდელთა B ლიგის პლეი ოფმაც. მეოთხედფინალის ოთხივე სერიაში თითო შეხვედრა გაიმართა. 

ყველაზე დაძაბული ოვერტაიმი 2-ისა და ჰიუნდაი 2-ის შეხვედრა გამოდგა. ჰიუნდაელებმა დაძაბულ ბრძოლაში – 76:75 (სტატისტიკა) იმარჯვეს. ასევე დაძაბული იყო ზაზა 2-ისა და ქუთაისი 2-ის შეხვედრა, რომელშიც ზაზას აკადემიელებმა 2 ქულით – 73:71 (სტატისტიკა) იმარჯვეს. 

ჰიუნდაის პირველმა გუნდმა თსუ არ დაინდო – 112:61 (სტატისტიკა). მეოთხე წყვილში რუსთავი 2-მა თბილისი ბასკეტ 2-ს აჯობა – 87:69 (სტატისტიკა). საპასუხო მატჩები 20, 21 და 22 აპრილს გაიმართება.