18-წლამდელთა A ლიგის რეგულარული დასრულდა | 8 გუნდი მეოთხედფინალში დაწყვილდა

18-წლამდელთა A ლიგის რეგულარული დასრულდა | 8 გუნდი მეოთხედფინალში დაწყვილდა

დასრულდა საქართველოს 18 წლამდელთა ჩემპიონატის რეგულარული ჩემპიონატი. ეს გახლავთ უმაღლესი – A ლიგა, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონი უნდა გამოავლინოს. ჩემპიონატში მონაწილე 14 გუნდი 2 ჯგუფში იყო გადანაწილებული და 2 წრის შემდეგ თითოეულს 12 მატჩი დაუგროვდა. თითოეული ჯგუფიდან მეოთხედფინალში 4 საუკეთესო გავიდა, შესაბამისად, მივიღეთ 4 წყვილი, რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.

ერთადერთი გუნდი, რომელმაც ჩემპიონატი დაუმარცხებლად გაიარა, ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილი “ვინგსია”, რომელმაც B ჯგუფში 12-ივე მატჩი დამაჯერებლად, ზედმეტი წინაღობის გარეშე მოიგო და ჩემპიონობის უპირველეს კანდიდატად მიიჩნევა. A ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო “რუსთავმა”, რომელსაც პლეი ოფის პირველ წრეში ბრძოლა ბათუმის “ბასკოსთან” მოუწევს.

საინტერესო რამ გათამაშდა ბასკოსთან დაკავშირებით. ბათუმური გუნდი საკუთარ დარბაზში ბოლო ტურის მატჩის სათამაშოდ მისულ “ვინგსთან” მოთამაშეთა ჯანმრთელობის გაუარესების გამო სათამაშოდ არ გამოცხადდა და ცხადია, ტექნიკური (უქულო) წაგება ჩაეწერა. ბასკოს 1 ქულა რომ აეღო, ცხრილში მე-3 ადგილს დაიკავებდა და მეოთხედფინალში ქუთაისს დაუპირისპირდებოდა,, რომლის დამარცხების შემთხვევაში ნახევარფინალში ვინგსს შეეჩეხებოდა. ახლა კი, თუკი ორივე საპლეიოფო ბარიერი დაძლია, ვინგსს ფინალამდე არ შეხვდება.

ვინგსს მეოთხედფინალში პარალელურ ჯგუფში მე-4 ადგილზე გასული ზაზა ფაჩულიას აკადემია შეხვდა, ხოლო დანარჩენი წყვილები, როგორც წარმოდგენილ ბანერზე ხედავთ, თბილისი ბასკეტი – ორბმა და ქუთაისი – დინამომ შეადგინეს.

პლეი ოფის ყველა ეტაპის სერიები 2 მოგებამდე იქნება. კალენდარი ამ დღეებში გამოქვეყნდება. ასევე გაიმართება საკვალიფიკაციო ეტაპი A ლიგაში დასარჩენად, რომელში მონაწილეობასაც ცხრილის ბოლოში განთავსებული გუნდები მიიღებენ.