საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატში პლეი ოფის მატჩები აქტიურ ფაზაშია. აღნიშნულ ასაკში A და B ლიგების მეოთხედფინალურ სერიებში ბევრი რამ გაირკვა. B ლიგაში ოთხივე ნახევარფინალისტი გამოვლინდა, ხოლო A-ში 2 გუნდი გარკვეულია, 2-ის ვინაობაც მალე გაირკვევა.
საქართველოს 18-წლამდელთა A ლიგაში, რომლის გამარჯვებულიც ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, ქუთაისმა და თბილისი ბასკეტმა ნახევარფინალის საგზურები მოიპოვეს. ამ გუნდებს მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩებში ოპონენტი უკვე ჰყავდათ დამარცხებული: ქუთაისმა შინ დინამოს მოუგო, ხოლო თბილისი ბასკეტმა ორბს სძლია. აღნიშნულ სერიებში მეორე მატჩები 24 აპრილს, დიღმის არენაზე გაიმართა და კვლავ ამ გუნდებმა იმარჯვეს. 18-წლამდელთა ლიგაში პლეი ოფის ყველა სერია 2 მოგებამდეა და შესაბამისად, ქუთაისმა და თბილისი ბასკეტმა ნახევარფინალის საგზურები მოიპოვეს.
თბილისი ბასკეტმა ორბს ძალიან იოლად – 101:60 (სტატისტიკა) მოუგო. გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი ანდრია მგელაძემ და ბექა მაჭავარიანმა დააფიქსირეს. პირველმა 16 ქულა, 9 პასი, 5 ჩაჭრა და 4 მოხსნა მოაგროვა, ხოლო მაჭავარიანმა თავი 14 ქულას, 7 პასს და 4 მოხსნას მოუყარა.
მეორე მეოთხედფინალური შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. დინამო თითქმის მთელი საწყისი 3 პერიოდი უგებდა ქუთაისს, თუმცა იმერულმა კლუბმა ბოლო მეოთხედში შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, 10-წუთეული 19:10 მოიგო და მატჩიც სათავისო შედეგით – 64:60 (სტატისტიკა) დააფიქსირა.
ქუთაისელთაგან ლუკა გიორგაძემ 12 ქულა, 12 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა, ილია სულაქველიძის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. დინამოში 20 ქულით საუკეთესო იყო გიორგი კვირიკაშვილი, 15 ქულა და 10 მოხსნა გიორგი ჩიტიშვილის ანგარიშზეა.
ქუთაისი ნახევარფინალშია და ელოდება მეტოქეს ვინგსი – ზაზას წყვილისგან, სადაც სერიას 1:0 ზაზა იგებს. რაც შეეხება თბილისი ბასკეტს, მისი სანახევარფინალო მეტოქე რუსთავისა და ბათუმის ბასკოს წყვილში გამოვლინდება. რუსთაველები სერიას 1:0 იგებენ.
რაც შეეხება 18-წლამდელთა B ლიგას, აქ საპლეიოფო სერიები 2-მატჩიანია. მეოთხედფინალური სერიები დაძლიეს და ნახევარფინალში ამგვარად დაწყვილდნენ: რუსთავი 2 – ჰიუნდაი 2 და ჰიუნდაი 1 – ქუთაისი 2.