საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

18-წლამდელთა ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩში “რუსთავმა” “დინამო” დაამარცხა

18-წლამდელთა ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩში “რუსთავმა” “დინამო” დაამარცხა

დღეს ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის 4 მატჩი გაიმართა. პირველივე მატჩში ერთმანეთს ტურნირის ფავორიტები – “დინამო” და “რუსთავი” შეხვდნენ. მატჩი ძალიან საინტერესო, დაძაბული და სანახაობრივი გამოვიდა. ორმხრივი უშეღავათო და თანაბარი ბრძოლის ბოლოს, შეხვედრის ბედი ერთმა სროლამ გადაწყვიტა.

რუსთაველთა სასახლეოდ უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში 10-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, ქვემოქართლელებმა ბოლომდე იბრძოლეს და მატჩის ბოლო წუთზე გალიდერდნენ კიდეც. შეხვედრის დასრულებამდე 22 წამით ადრე ვოვა თავაქარაშვილმა ზუსტი გარღვევით დინამოელები კვლავ დააწინაურა – 75:74. რუსთაველებმა შეტევა წამოიწყეს და სროლას არ ჩქარობდნენ. ბურთი ნაკრების წევრ ზურა ვაშაკიძეს ჰქონდა, რომელმაც დრო გაიყვანა და შემდეგ თამაში საკუთარ თავზე აიღო, საჯარიმოში შევიდა და მატჩის დასრულებამდე 8 წამით ადრე საშუალო დისტანციიდან ზუსტად ესროლა – 76:75.

დინამოელებმა საპასუხო შეტევაში ბურთი დაკარგეს და მათ ტაქტიკურმა ჯარიმამაც არ გაამართლა. ვაშაკიძემ ორივე საჯარიმო ჩააგდო, “რუსთავი” 3 ქულით დააწინაურა და “დინამოს” მცირე შანსი შერჩა. დარჩენილ 3 წამში სამქულიანით ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, თუმცა… “რუსთავმა” საბოლოოდ 78:75 გაიმარჯვა და დაადასტურა, რომ სხვა ფავორიტებთან ერთად წლეულს საჩემპიონო ამბიციები აქვს.

რუსთაველებს 29 ქულითა და 10 მოხსნით ზურა ვაშაკიძემ ულიდერა. 20 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა გუნდის კიდევ ერთმა ლიდერმა – გიგი ტაბაღუამ. 17 ქულა ჩააგდო დავით ლორიამ, რომლის 5 სამქულიანი გამარჯვების მოპოვებაში ქვემოქართლელებისთვის ჰაერივით საჭირო გამოდგა. “დინამოში” 32 ქულითა და 14 მოხსნით საუკეთესო იყო ვოვა თავაქარაშვილი. 16 ქულა გეგა ჭაბუკიანის ანგარიზე დაგროვდა.

ზემოთხსენებული დაძაბული მატჩის შემდეგ ერთმანეთს “ზაზა 1” და “თელავი” შეხვდნენ. კახურმა გუნდმა 3 პერიოდის მანძილზე წინააღმდეგობა გაუწია ტურნირის კიდევ ერთ ფავორიტს და ბოლო ათწუთეულში გატყდა. საბოლოოდ ზაზას აკადემიელებმა 97:80 მოიგეს და ჩემპიონატში მეორე გამარჯვება გაიფორმეს.

მესამე მატჩში “ვინგსმა” გმირულად სძლია “აფხაზეთს”. პირველი ნახევრის შემდეგ “აფხაზეთი” 10 ქულით იგებდა, თუმცა მე-3 პერიოდი “ვინგსმა” 33:12 მოიგო და მატჩის ბედი ნაადრევად გადაწყვიტა. საბოლოოდ “ვინგსმა” 92:75 იმარჯვა, რაშიც ბაჩო ალიბეგაშვილის წვლილი უდიდესია – 27 ქულა, 15 მოხსნა.

დღის რიგით მეოთხე მატჩში “აკადემიამ” 99:68 დაამარცხა “მართვე” და 2-დან 2 გამარჯვებით ლიდერთა შორისაა.

ბოლო მატჩში ერთმანეთს თსსუ და “ორბი” შეხვდნენ. ვასილ ბერეკაშვილის გაწვრთნილმა ორბელებმა 104:72 დაამარცხეს მეტოქე, რაშიც ნიკა ნიკოლაიშვილის 30-ქულიანი წვლილია. 13-13 ქულა ნიკოლოზ გურგენიძემ და ნიკა რატიანმა მოაგროვეს, ხოლო გიორგი სიმონიშვილი გამარჯვებულებს 12 ქულით შეეხიდა.

18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩი 27 იანვარს ქუთაისში გაიმართება, სადაც სათამაშოდ “ზაზა 2” ჩავა.

18-წლამდელთა მატჩების სრული სტატისტიკა იხილეთ ჩვენი ვებ-გვერდის შესაბამის განყოფილებაში:
http://gbf.ge/league/u18/schedule#mbt:275-303$t&0=1