18-წლამდელთა ჩემპიონატში პირველი მარცხი ზაზას აკადემიამ რუსთავთან განიცადა

18-წლამდელთა ჩემპიონატში პირველი მარცხი ზაზას აკადემიამ რუსთავთან განიცადა

1 დეკემბერს თბილისი არენამ საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლა. გამართული 4 მატჩიდან 3 დაძაბული გამოდგა, თუმცა ყველაზე მეტი ინტრიგა ერთ შეხვედრას ახლდა, რომელშიც ერთმანეთს საჩემპიონო ამბიციების მქონე გუნდები – ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი და “რუსთავი” ხვდებოდნენ.

ზაზას აკადემიას მიმდინარე ჩემპიონატში 3-დან 3 გამარჯვება ჰქონდა, რუსთაველებს კი 2 მოგება და 1 მარცხი. ეს ერთი წაგება ქვემომართლელებს “ჰიუნდაისთან” შეემთხვათ, რომელმაც დღეს სოხუმის “კოლხა” საკმაოდ იოლად – 98:70 (სტატისტიკა) დაამარცხა და თბილისი ბასკეტთან ერთად 4 მოგებით ჩემპიონატის ლიდერია.

დავუბუნდეთ ზაზას აკადემიისა და რუსთაველთა მატჩს, რომელიც ქვემოქართლელებმა უფრო შედეგიანად დაიწყეს და პირველი პერიოდი 33:18 მოიგეს. ოთარ ხმელიძის გაწვრთნილმა გუნდმა ლიდერობა დიდი შესვენებისთვის კიდევ უფრო გაიმყარა – 17 ქულით დაწინაურდა.

მესამე პერიოდში ზაზას აკადემია თემო ფატარიძის შედეგიანმა თამაშმა გამოაფხიზლა და ვითარება მოედანზე დაიძაბა. აკადემიელებმა ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს და ბოლო პერიოდში მეტოქეზე გადამწყვეტი იერიში მიიტანეს, მაგრამ რუსთაველებმა გაუძლეს, მეტოქის მიძალება გადააგორეს და ბოლო პერიოდში საკუთარი თამაში ისევ იპოვეს. საბოლოოდ რუსთაველებმა 93:82 (სტატისტიკა) დაამარცხეს და ცხრილში ზაზას აკადემიას გაუთანაბრდნენ.  22 ქულითა და 8 პასით გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო გეგა იაშვილი, ტიმოფეი ალექსანდროვმა 11 ქულა და 14 ქულა დააგროვა. 

კიდევ 2 შეხვედრაშიც ბრძოლა იყო: ორბმა 79:76 (სტატისტიკა) დაამარცხა თელავი, ხოლო ჰიუნდაისთან ერთად ჩემპიონატის მეორე დაუმარცხებელმა გუნდმა თბილისი ბასკეტმა ბრუკლინის აკადემიას 74:70 (სტატისტიკა) მოუგო.