საახალწლო და საშობაო შესვენებების შემდეგ განახლდა საქართველოს ჩემპიონატი 18-წლამდელთა შორის. შეგახსენებთ, რომ ტურნირი გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო და მასში 11 გუნდი მონაწილეობს, რომლებმაც საკვალიფიკაციო ტურნირის დაძლევის შედეგად მიიღეს ეროვნულ ჩემპიონატში ადგილი.
საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის მიმდინარე ცხრილი
4 თებერვალს 18-წლამდელთა ჩემპიონატის 4 მატჩი გაიმართა. დაძაბული არც ერთი მათგანი არ ყოფილა. ფავორიტად მიჩნეულმა გუნდებმა დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს. პირველ მატჩში “აკადემია” “ვინგსს” შეხვდა და 103:65 (სტატისტიკა) დაამარცხა. აკადემიელთაგან 21 ქულით ლუკა მახარაშვილი გამოირჩა.
მომდევნო შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ ზაზას აკადემია და “აკადემია 2” წარსდგნენ. მატჩი ზაზას აკადემიელებმა 33 ქულით – 92:59 (სტატისტიკა) მოიგეს. გამარჯვებულთაგან 17 ქულით ბომბარდირი გახდა გუჯა ხვედელიძე.
ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა “დინამო თბილისმა” “მართვეს” სძლია. დინამოელებმა მეტოქე თავიდანვე გატეხეს, როცა პირველი პერიოდი 23:11, ხოლო მეორე – 22:18 მიუგეს. საბოლოოდ მამუკა ტურაშვილის გუნდმა 96:48 (სტატისტიკა) იმარჯვა და ჩემპიონატს 6-დან 6 მოგებით ერთპიროვნულად ლიდერობს. დინამოელებს 28 ქულითა და 9 მოხსნით ვოვა თავაქარაშვილმა ულიდერა, რომელიც სუპერლიგის გუნდშიც საკმაოდ დიდ ხანს ატარებს მოედანზე.
დღის ბოლო მატჩი შედარებით საინტერესო გამოვიდა. “სოხუმი” გვარიანად გაუძალიანდა “ჰიუნდაის”. პირველი მეოთხედის შემდეგ ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 3 ქულა გახლდათ, თუმცა მეორედან ჰიუნდაელებმა მოახერხეს სათამაშო უპირატესობის ანგარიშში ასახვა და დიდი შესვენებისთვის 12 ქულით გალიდერდნენ. ბოლო წუთებამდე სხვაობა 10-12 ქულას შეადგენდა, თუმცა დასკვნით მომენტში ლევან ქვარცხავასა და შალვა ჭეიშვილის შედეგიანობით ჰიუნდაელებმა სოლიდურ უპირატესობას მიაღწიეს და მატჩიც 20 ქულით – 79:59 (სტატისტიკა) მოიგეს.
ჩემპიონატის შემდეგი მატჩი 6 თებერვალს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: “ჰიუნდაი” “აკადემიას” შეხვდება.