საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

18-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატი დღეს იწყება

18-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატი დღეს იწყება

16 იანვარს იწყება საქართველოს 18-წლამდელთა საკალათბურთო ჩემპიონატი. ტურნირში 14 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ერთ ჯგუფში იქნებიან თავმოყრილნი და რეგულარულ ჩემპიონატში 2 წრედ – შინ და სტუმრად ითამაშებენ.

14 გუნდიდან 4 რეგიონისაა – რუსთავი, ქუთაისი, გორი და სოხუმი. დანარჩენი 10 გუნდი კი დედაქალაქს წარმოადგენს. ესენი არიან: ზაზა, ჰიუნდაი, აკადემია, ორბი, იბერი, მართვე, თსუ, ზაზას აკადემია, ზაზა 3 და 16-წლამდელთა ნაკრები. ნაკრები ასაკით დიდების ჩემპიონატში გამოცდილების მისაღებად და შესათამაშებლად, უკონკურსოდ თამაშობს. დედაქალაქის დანარჩენმა 9 გუნდმა საქართველოს ჩემპიონტში ასპარეზობის უფლება გასულ შემოდგომაზე გამართულ თბილისის ჩემპიონატში წარმატებული ასპარეზობით მიიღო.

გათამაშების სისტემის თანახმად, 14 გუნდი 2 წრედ ითამაშებს, რის შემდეგაც საუკეთესო 8 პლეი ოფში გავა. მეოთხედფინალში სერია იქნება ერთ მოგებამდე, ხოლო ნახევარფინალში და ფინალში გამარჯვებული 2 მოგების შედეგად გამოვლინდება. მოედნის უპირატესობა ექნება იმ გუნდს, რომელიც რეგულარულ ჩემპიონატში უფრო მაღალ ადგილს დაიკავებს.

გასული წლის ჩემპიონი ზაზა ფაჩულიას აკადემიის პირველი გუნდია, რომელიც ჩემპიონატში დღეს ჩაებმება. 16 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18-წლამდელთა ჩემპიონატის 6 მატჩი გაიმართება. თამაშების განრიგი იხილეთ აქ: კალენდარი.

თამაშების ტექსტური ლაივ-ტრანსლაცია განხორციელდება ჩვენს საიტზე, სადაც პირველსავე გვერდზე, ზედა ნაწილში არსებულ თამაშების ლენტაში მოძებნით თქვენთვის სასურველ მატჩს. შეხვედრების დარულებისთანავე იმავე გრაფაში შეგეძლებათ მატჩის საბოლოო სტატისტიკის ნახვა.

თბილისის გუნდები ტურნირის ყველა საშინაო მატჩს ოლიმპიურ სასახლეში ჩაატარებენ, ხოლო რეგიონის გუნდები საშინაო მატჩებს საკუთარ ქალაქებში უმასპინძლებენ.